“ვესტ ჰემმა”, შესაძლოა, რუნი უსასყიდლოდ დაიმატოს
“ვესტ ჰემს” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” უეინ რუნის გადაბირება სურს. თუ ინგლისელი თავდამსხმელი სეზონის ბოლოს “წითელი ეშმაკების” დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, “ჩაქუჩები” მის დამატებას შეეცდებიან. ამ ინფორმაციას “სქაი სპორტსი” ავრცელებს.
არც ის არის გამორიცხული, რომ ფეხბურთელი ზაფხულში მშობლიურ “ევერტონში” დაბრუნდეს.
უეინ რუნისა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2019 წლის 30 ივნისს ეწურება, მაგრამ კლუბი მზად არის, 31 წლის თავდამსხმელი უსასყიდლოდ გაუშვას.
უეინ რუნის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ჩინეთში “გუანჩჟოუ ევერგრანდი” და “ბეიცზინ გოანი” ეპატიჟებოდნენ და საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოსაც სთავაზობდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა ინგლისში დარჩენა გადაწყვიტა.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში უეინ რუნიმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორმით 18 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.