ვერატისთვის ბრძოლაში “ბარსა” და “იუვე” ფავორიტები არიან
“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველ მარკო ვერატიზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული. 24 წლის იტალიელი საყრდენის დამატება ევროპის წამყვან კლუბებს სურთ, მათ შორის არიან “ბარსელონა”, “ჩელსი”, “არსენალი”, “ბაიერნი”, “იუვენტუსი” და “ინტერი”.
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ მარკო ვერატის გადაბირების ყველაზე დიდი შანსი “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” აქვთ. კატალონიური გუნდი უკვე დიდი ხანია, იტალიელი ფეხბურთელის დამატებით არის დაინტერესებული და მას ანდრეს ინიესტას შემცვლელად მოიაზრებს. თავის მხრივ, ტურინელებიც მზად არიან, ვერატის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გაიღონ.
წყაროს ცნობით, იტალიელ ნახევარმცველს წასვლაზე უჭირავს თვალი და ნავსაყუდელს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გამოიცვლის. “პარი სენ-ჟერმენი” ვერატის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს.