საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან რეაბილიტაცია მოახდინა
“დინამო არენაზე” საქართველოსა და ლატვიის ეროვნულ ნაკრებთა შორის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა. შეხვედრას ორივე ქვეყნის პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი და რაიმონდს ვეიონისი დაესწრნენ და მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებსა და სტადიონზე შეკრებილ პუბლიკას მიესალმნენ. არცთუ ისე მრავალრიცხოვან ქართველ ქომაგებთან ერთად ტრიბუნაზე იყვნენ ლატვიიდან ჩამოსული გულშემატკივრებიც, რომლებიც ნაკრებს ყველა თამაშზე დაჰყვებიან.
მატჩი არცთუ ისე მაღალ ტემპში დაიწყო, მე-15 წუთიდან კი ქართველი ფეხბურთელები მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდნენ და დაწინაურდნენ კიდეც. საჯარიმო მოედანზე ორთაბრძოლისას გიორგი ქვილითაია წააქციეს და ლატვიელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯანო ანანიძემ გოლად აქცია – 1:0. მატჩის 32-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა გაიზარდა. ანანიძემ კუთხური მოაწოდა, ქვილითაიამ კი ფეხით ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ლატვიელთა კარში – 2:0. შეხვედრის პირველი ნახევარი ამავე ანგარიშით დასრულდა.
მატჩის მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ანგარიშშიც აისახა. 68-ე წუთზე გიორგი არაბიძის მიერ მოწოდებულ კუთხურს ქვილითაია თავური დარტყმით გამოეხმაურა და დუბლი გაიფორმა – 3:0. გოლის გატანის შანსი თავად არაბიძესაც ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით დარტყმის შემდეგ ბურთი კარს ზემოდან გადაევლო. სამაგიეროდ, 77-ე წუთზე ანანიძემ შორეული დარტყმით მეოთხედ შეარხია ლატვიელთა კარის ბადე. მატჩის მიწურულს არაბიძემ საჯარიმო დარტყმით მაინც გაიტანა თავისი გოლი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:0.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობა აღადგინა. კერძოდ, რვა მატჩიდან სამჯერ ქართველებმა იმარჯვეს, სამჯერ ლატვიელებმა, ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
საქართველო – ლატვია 5:0 (2:0)
საქართველო: მაკარიძე, ლობჟანიძე, ნავალოვსკი (ტაბიძე 78′), ხოჭოლავა, კაშია, კვეკვესკირი, გვილია (კიტეიშვილი 36′), ჯიღაური (არაბიძე 63′), ანანიძე (ყაზაიშვილი 83′), ქვილითაია (კაჭარავა 78′), დვალიშვილი (კობახიძე 63′).
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.
ლატვია: ვანინსი (შტეინბორსი 46′), მაკსიმენკო, ლაიზანსი (ლაზდინში 81′), ვიშნაკოვსი (რაკელსი 46′), დავის იკაუნიეკსი, სოლოვიოვსი, გორკში, იანის იკაუნიეკსი, იაგოდინსკი (ოშსი 46′), კარლსონსი (საბალა 46′), კლუშკინსი (ლუკიანოვსი 65′).
მთავარი მწვრთნელი: მარიანს პაჰარსი.
გოლები: ანანიძე 18′ (პენ), 77′. ქვილითაია 32′, 68′, არაბიძე 90′.
გაფრთხილებები: დვალიშვილი 37′ – კლუშკინსი 57′, დავის იკაუნიეკსი 58′, იანის იკაუნიეკსი 84′.
მთავარი არბიტრი: სურენ ბალიანი (სომხეთი).