გურამ კაშია: “ვერ ვხვდები, რატომ ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა გვაქვს”
ლატვიასთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების დაცვის ბურჯმა, გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“შეხვედრას დადებითად შევაფასებ. ასეთი თამაშების მოგება საჭიროა. როგორც იტყვიან, წინა თამაშის შედეგმა, ამ მატჩზე გადაიარა. წინა თამაშიც არ იყო ძალიან ცუდი. ჩვენ მომენტები შევქმენით. ის მატჩი უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ჩვენივე შცდომების გამო ვერ მივიყვანეთ დაპირისპირება ბოლომდე წარმატებულად.”
“დღეს ორი გოლი მალე გავიტანეთ და მეტი თავდაჯერებულობა მოვიდა. მაყურებელიც პოზიტიურად განეწყო, სილაღე შეეტყო ჩვენს თამაშს და საბოლოოდ სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ.”
“ნებისმიერ მატჩი დიდი შემართებით ვთამაშობთ. ვერ ვხვდები, რატომ ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა გვაქვს. წაგებულის ფსიქოლოგია? ახლა მოვიგეთ და მოგებულის ნიშა გვაქვს,” – განაცხადა გურამმა.