უეფას ერთა ლიგა: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
2019 წლის სექტემბერში სტარტს აიღებს ერთა ლიგის ტურნირი. ამის შესახებ ბევრი დაიწერა, თუმცა, მოდით, კიდევ ერთხელ მარტივად გავეცნოთ მის სტრუქტურას:
- ტურნირში მონაწილეობს 55 გუნდი.
- გუნდები ოთხ კალათში არიან განაწილებულნი (UEFA-ს რეიტინგის მიხედვით): A ლიგა (12 გუნდი), B ლიგა (12 გუნდი), C ლიგა (15 გუნდი), D ლიგა (16 გუნდი).
- A (12)-სა და B (12) ლიგებიდან იქნება სამი ოთხგუნდიანი ჯგუფი. C (15) ლიგიდან იქმნება სამი ოთხგუნდიანი და ერთიც სამგუნდიანი ჯგუფი. ხოლო, D (16) ლიგიდან – ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფური ეტაპი 2019 წლის სექტემბერ-ნოემბერში გაიმართება.
- ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ოთხივე ლიგის თითოეული ჯგუფიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. ერთი ლიგის ოთხი წარმატებული გუნდი ივნისში ოთხთა ტურირში ერთმანეთს დაუპირირსპირდება და ერთ გამარჯვებულს გამოავლენს. საბოლოოდ, კი ოთხი ლიგიდან (A, B, C, D) მოგებული ოთხი ნაკრები ავტომატურად მოხვდება 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
- “ევრო 2020”-ზე მონაწილე 20 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპით გამოვლინდება.
- ჯგუფის გამარჯვებული (ევროპის ჩემპიონატზე ვერმოხვედრის შემთხვევაშიც) დაწინაურდება და ის შემდეგ ერთა ლიგაზე ერთით მაღალ ლიგაში იასპარეზებს.
საგულისხმოა, რომ UEFA 2017 წლის 15 ნოემბრის რეიტინგით იხელმძღვანელებს. ძალიან დიდი ალბათობით, დღეს არსებული განახლებული რეიტინგი აღარ შეიცვლება. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, ოთხივე ლიგის წევრი ქვეყნები.
A ლიგა: გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ისლანდია, ბოსნია-ჰერცოგოვინა.
B ლიგა: ირლანდია, რუსეთი, ავსტრია, შვედეთი, სლოვაკეთი, უელსი, უკრაინა, ჰოლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, ჩეხეთი, თურქეთი, უნგრეთი.
C ლიგა: საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვენია, ისრაელი, სერბეთი, დანია, ბულგარეთი, ალბანეთი, შოტლანდია, მონტენეგრო, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, კვიპროსი, სომხეთი.
D ლიგა: ესტონეთი, ფინეთი, ბელორუსი, საქართველო, ფარერები, ლატვია, მაკედონია, ყაზახეთი, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, კოსოვო, მალტა, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი.
როგორც ვხედავთ, ჩვენი ქვეყანა ბოლო ლიგაშია. აქ ნამდვილად ვერ ვხედავთ ძლიერ ან ბევრ საშუალო დონის ნაკრებს. შესაბამისად, რა ჯგუფშც არ უნდა მოვხვდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში გვექნება პირველი ადგილის დაკავებისა და შემდეგ ოთხთა ტურნირზე გამარჯვების შანსი.