ალეგრი: “იგუაინმა პროფესიული არჩევანი გააკეთა და ამას პატივი უნდა ვცეთ”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “ნაპოლის” წინააღმდეგ გასამართი დამდეგი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
“ეს იქნება ჩემპიონატის ლიდერებს შორის დაპირისპირება. დარწმუნებული ვარ, რომ “ნაპოლის” ქომაგები საკუთარ გუნდს გულმხურვალედ დაუჭერენ მხარს და ფეირ-პლეის კარგ მაგალითს გვიჩვენებენ. ეს ნორმად უნდა იქცეს.
ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ გონსალო იგუაინმა “ნაპოლიში” სამი წელი გაატარა და იქ ძალიან უყვარდათ, მაგრამ მან პროფესიული არჩევანი გააკეთა და ამას პატივი უნდა ვცეთ. გასაგებია, რომ მას ნეაპოლში დაუსტვენენ, ვინაიდან იგი ახლა “იუვენტუსის” ღირსებას იცავს”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. შეგახსენებთ, რომ შეხვედრას “იუვენტუსის” ტიფოზები ვერ დაესწრებიან, ნეაპოლიტანური გუნდის ქომაგები კი გონსალო იგუაინის დასახვედრად საგანგებოდ ემზადებიან.
“ნაპოლისა” და “იუვენტუსს” შორის მატჩი 2 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. 5 აპრილს კი ეს გუნდები იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს (პირველი მატჩი “იუვენტუსმა” 3:1 მოიგო). ორივე შეხვედრა “სან პაოლოზე” შედგება.