მოურინიო: “დე ხეას მთელი მატჩის განმავლობაში ეძინა და მეკითხებით, იყო თუ არა თანაბარი თამაში?”
ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” მიიღო და 0:0 ეთამაშა. მატჩის შემდეგ “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოს ჟურნალისტის მიერ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა.
“თქვენ მე მეკითხებით, იყო თუ არა თანაბარი თამაში? თქვენ მართლა ასე ფიქრობთ? მაპატიეთ, მაგრამ ეს სულელური შეკითხვაა. ერთი გუნდი მეტოქის ნახევარზე 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გადავიდა, მეორე კი გამუდმებით უტევდა. თქვენ კი მეკითხებით, იყო თუ არა თანაბარი თამაში?! დავიდ დე ხეას მთელი მატჩის განმავლობაში ეძინა.
მთელი შეხვედრის განმავლობაში ბურთი მხოლოდ ერთ გუნდს ჰქონდა, მეორე კი უბურთოდ იყო. ერთი გუნდი მოგებას ცდილობდა, მეორე კი – ფრედ თამაშს. ერთი მეკარე თავისთვის მხიარულობდა, მეორეს კი სამი დიდებული სეივის გაკეთება მოუწია.
ამ სეზონში ფრედ ხშირად ვთამაშობთ. მეტოქეები აქ დაცვითი ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოდიან, მათი მეკარეები კი – მატჩის საუკეთესო მოთამასის წოდების მოსაპოვებლად. მეკარესთან ერთი ერთზე მყოფებმაც ვერ მოვახერხეთ გოლის გატანა. სათამაშო ხარისხის, თამაშის მიმდინარეობის, ბურთის ფლობის, მომენტების შექმნისა და ამბიციურობის თვალსაზრისით ყველას ვაჯობეთ, მაგრამ ბევრი მატჩი დავასრულეთ საყაიმო შედეგით”, – განაცხადა მოურინიომ “ბიბისი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.