ლეგიონი: ჯიღაურის “ვარდარმა” იმარჯვა, კვეკვესკირის “გაბალამ” სახლში ფრე გააგორა
დღეს მაკედონის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში პირველადგილოსანმა სკოპიეს “ვარდარმა” თანაქალაქელი “რაბოტნიცკი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2:0 დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ ჯაბა ჯიღაურმა, რომელიც პირველი კლუბის რიგებში გამოდის, შეხვედრა სათადარიგოდან დაიწყო. იგი მოედანზე 61-ე წუთზე სომეხი ტიგრან ბარსეღიანის მაგივრად შევიდა.
ამ მოგებით მაკედონიურმა კლუბმა 56 ქულა დააგროვა და ცხრილში ლიდერობას არავის უთმობს. იგი მეორეადგილოსან “შკენდიას” ექვსი ქულით უსწრებს.
გადავიდეთ აზერბაიჯანის ჩემპიონატზე, სადაც დღეს 24-ე ტურში “გაბალა” “ზირას” შეხვდა. შეხვედრა ანგარიშით, 1-1 დასრულდა.
პირველ გუნდში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი გამოდის, რომელმაც მატჩი ძირითადიდან დაიწყო. იგი 71-ე წუთზე შეცვალეს.
ამ დაპირისპირების შემდეგ კვეკესკირის გუნდს 48 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ “ყარაბაღს” ოთხი ქულით ჩამორჩება.