რობენი: “ანჩელოტიმ რიბერის აკოცა? ვეჭვიანობ” (ვიდეო)
მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბმა არიენ რობენმა გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (4:1) განვითარებულ ეპიზოდზე იუმორნარევი კომენტარი გააკეთა. აღნიშნულ შეხვედრაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ფრანკ რიბერი შეცვალა. ფრანგი აშკარად ნაწყენი ჩანდა, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა მას აკოცა და გადაეხვია.
“ვეჭვიანობ, მაგრამ, შესაძლოა, ერთხელ მეც მაკოცონ ასე”, – ციტირებს რობენის სიტყვებს Goal.com-ი.
ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ამ ქმედებით რიბერის იუბილე მიულოცა:
“ეს იყო დაბადების დღის საჩუქარი. რიბერიმ “დორტმუნდთან” ფანტასტიურად ითამაშა და სრულებითაც ვერ შეატყობთ, რომ იგი 34 წლისაა”.
კომენტარი თავად რიბერიმაც გააკეთა და იუმორი არც მან დააკლო:
“მშვენიერი კოცნა იყო, ბუნებრივი და პოზიტიური. ეს იყო კარგი კოცნა ბევრი ემოციით. ანჩელოტისთან დიდებული ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთმანეთს ვენდობით”.