ლაშა ტალახაძე: “საქართველოს დატოვება? არსად წასვლას არ ვაპირებ!”
სულ რამდენიმე დღის წინ ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ხორვატიის ქალაქ სპლიტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ექვსი ცდიდან ექვსივე გამოიყენა, ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ჩემპიონიც გახდა.
ლაშა ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში. იგი ტელეკომპანია “იმედში”, გადაცემა “ქრონიკაში” იყო მიწვეული. ქართველ ძალოსანს იმ ხმებზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც იგი უკმაყოფილო იყო კუთვნილი ფულადი ჯილდოს არმიცემით და სხვა უკეთეს პირობებში წასვლას აპირებდა.
ტალახაძემ შემდეგნაირად უპასუხა:“პირველ რიგში, გეტყვით, რომ რა თანხასაც შეგვპირდნენ, უკვე ჩემს ანგარიშზეა. წინანდელთან შედარებით, ნაკლებია, თუმცა, ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა! მე გავაგრძელებ საქართველოს სახელით გამოსვლას. შესაბამისად არსად წასვლას არ ვაპირებ. ინფორმაცია, რომ სხვა ქვეყნის ღირსების დაცვა მაქვს გადაწყვეტილი, არასწორია. ამაზე არც მიფიქრია. დარწმუნებული ვარ, ჩემი კარიერის ბოლომდე საქართველოს ღირსებას დავიცავ!” – განაცხადა ქართველმა სპორტსმენმა.