დიბალა: “ნოუ კამპზე” თამაში რთულია, ეს ცოტა ხნის წინ ყველამ დავინახეთ”
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის გამართული პირველი მატჩი “ბებერი სინიორას” გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა პაულო დიბალამ, რომელმაც მატჩში დუბლი შეასრულა.
“ჩემი აზრით, “იუვენტუსმა” მშვენიერი თამაში აჩვენა. შეხვედრაში შექმნილი შანსები მაქსიმალურად გამოვიყენეთ. საპასუხო შეხვედრას დადებითი შედეგით ვხვდებით. ძალიან გახარებული ვარ, რადგან ასეთ მომენტებზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და ეს ოცნება ამიხდა.
“იუვენტუსის” ფეხბურთელები თავიანთ ძალებში დარწმუნებულნი არიან და ეს წინსვლისთვის და ჩვენი მიზნების მიღწევისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
მოდუნებას არ ვაპირებთ. ვიცით, რომ განმეორებით მატჩში დადებითი შედეგი გვჭირდება, კარი მშრალად უნდა შევინახოთ. “ბარსელონასთან” სტუმრად თამაში რთულია. ეს ჩვენ ყველამ დავინახეთ. მიუხედავად ამისა, “იუვენტუსი” დიდებული გუნდია და ერთად მიზნის მიღწევა შეგვიძლია”, – ციტირებს დიბალას სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ წყვილის განმეორებითი შეხვედრა 19 აპრილს, “ნოუ კამპზე” ჩატარდება.