გიორგი პაპუნაშვილი: “შუქურასთან” თამაშში ემოციები მომეძალა” (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში თბილისის “დინამომ” ქობულეთის “შუქურა” მიიღო და ანგარიშით, 5:0 გაანადგურა. ერთ-ერთი გოლი გაიტანა დედალაქელთა კაპიტანმა, გიორგი პაპუნაშვილმა. მან შეხვედრის შემდეგ თამაში შეაფასა.
“ვულოცავ დინამოს მორიგ გამარჯვებას. დღევანდელი მოგების შემდეგ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ავიწიეთ. ბოლოს ჩატარებული თამაშებიდან გამომდინარე, ეს შედეგი დავიმსახურეთ. დღევანდელი დინამო, ყოველდღიურად ძლიერდება ფსიქოლოგიურადაც, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან გამარჯვებულის მენტალიტეტი გვიყალიბდება და ეს მეტ თავდაჯერებას შეგვმატებს. ვიცით, ეროვნულ ლიგაში ძალიან გრძელი და რთული პერიოდი გვაქვს კიდევ დასაძლევი, თუმცა დღეს ძალიან გახარებული ვარ შედეგით და იმიტომაც, რომ გოლის გატანა მოვახერხე.”
პაპუნაშვილმა იმ მომენტზეც გაამახვილა ყურადღება, როცა იგი 72-ე წუთზე შეცვალეს. ამით განაწყენდა და კაპიტნის სამკლაურიც მოისროლა.
“დღევანდელ თამაშში გატანილი გოლის გარდა, ემოციებიც მომეძალა. თამაშის სრულად დამთავრება მინდოდა და ემოციები ვერ მოვთოკე, როდესაც შემცვალეს. ჩემი რეაქციაც, რამაც გულშემატკივარი სამართლიანად გაანწყენა ამის ბრალი იყო. არავის წყენინება არ მინდოდა. ვიცი, რას ნიშნავს იყო დინამოს კაპიტანი და ამით ვამაყობ კიდეც,” – აცხადებს “დინამოს” ერთ-ერთი ლიდერი.