ანანიძე რუსეთის ჩემპიონის ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა
რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მოსკოვის “სპარტაკმა” საკუთარ მოედანზე სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი” მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ჯანო ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთამდე ითამაშა. ქართველ ფეხბურთელს საგოლე ეპიზოდებში მონაწილეობა არ მიუღია.
“სპარტაკმა” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი კონკურენტი დაამარცხა და პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. ჯანოს გუნდს აქტივში 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მოსკოვის ცსკა ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება, მესამე პოზიციაზე მყოფ “ზენიტს” კი 43 ქულა აქვს.
რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე შვიდი ტურია დარჩენილი. “სპარტაკი” მომდევნო ტურში “როსტოვს” ესტუმრება, უშუალო კონკურენტ ცსკა-ს კი ორ კვირაში სტუმრად ეთამაშება.
მოსკოვის “სპარტაკს” რუსეთის ჩემპიონატი 2001 წლის შემდეგ არ მოუგია.