აგენტი: “მბაპეს შეძენა მსოფლიოში მხოლოდ ოთხ კლუბს შეუძლია”
“მონაკოს” ფორვარდ კილიან მბაპეზე ევროპის წამყვან კლუბებს შორის ნადირობა რომ არის გაჩაღებული, ეს გასაკვირი ამბავი არაა, თუმცა, როგორც ირკვევა, ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება თეორიულად მხოლოდ ოთხ გუნდს შეუძლია.
“მსოფლიოში მხოლოდ ოთხი კლუბი არსებობს, რომლებსაც მბაპეს შეძენა შეუძლიათ. ეს “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი”, “მანჩესტერ სიტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” გახლავთ”, – განაცხადა მბაპეს აგენტმა პასკალ ბუასომ.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტიმ” “მონაკოს” 18 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ მონეგასკელები მინიმუმ 130 მილიონ ევროს ითხოვენ.
მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ 37 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ცნობისთვის, “მონაკოსა” და მბაპეს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.