ეროვნული ლიგის მეცხრე ტური: პრევიუ
29-30 აპრილს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართება.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული ტურის პრევიუს.
თბილისის “ლოკომოტივი” – საჩხერის “ჩიხურა”
დასაწყისი: 29 აპრილი, 16:00 საათი
მიხეილ მესხი 2-ზე “ლოკომოტივი” “ჩიხურას” მიიღებს. დედალაქელებმა წინა ტურში “სამტრედიის” წინააღმდეგ ითამაშეს და უგოლო ფრე გააგორეს. რვა ტურის შემდეგ გიორგი დევდარიანის შეგირდებს 15 ქულა აქვს და მეორე ადგილზე არიან. რაც შეეხება “ჩიხურას”, ამ გუნდმა წინა ტურში “კოლხეთს” სძლია და ახლა 13 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.
თბილისის “საბურთალო” – ქობულეთის “შუქურა”
დასაწყისი: 29 აპრილი, 20:00 საათი
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “საბურთალო” ‘შუქურას” მიიღებს. მასპინძელი გუნდი მერვე ტურში “დინამო არენაზე” “დინამოსთან” დამარცხდა (0:2). ამჟამად “საბურთალოს” 12 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. რაც შეეხება ქობულეთურ გუნდს, აჭარლებმა უკანასკნელ შეხვედრაში “დილასთან” ფრე ითამაშეს. “შუქურა” სამი ქულით ბოლო ადგილზეა.
ფოთის “კოლხეთი” – ბათუმის “დინამო”
დასაწყისი: 30 აპრილი, 13:30 საათი
ამ გუნდებმა წინა ტურში მარცხი განიცადეს. “კოლხეთმა”, როგორც ვთქვით, “ჩიხურასთან” წააგო. ბათუმლები კი ზედიზედ მესამე შეხვედრაა ვერ იგებენ. ისინი ბოლოს “ტორპედოსთან” დამარცხდნენ. “დინამოს” ამჟამად ცხრა ქულა აქვს და მეშვიდეზეა. საინტერესოა, “ჩელე არენაზე” რომელი გუნდი შეძლებს წარუმატებელი სერიის დასრულებას.
გორის “დილა – სამტრედიის “სამტრედია”
დასაწყისი: 30 აპრილი, 15:30 საათი
“დილა” თენგიზ ბურჯანაძეზე “სამტრედიას” მიიღებს. გორელებმა ეროვნულ ლიგაში ბოლოს 18 მარტს მოიგეს. უკანასკნელ ტურში “შუქურასთან” ანგარიშით, 0:0 დაასრულეს შეხვედრა. ამჟამად ეს კლუბი რვა ქულით მერვეზეა. რაც შეეხება “სამტრედიას”, მანაც იმავე შედეგი დააფიქსირა წინა ტურში “ლოკომოტივთან”. იმერლები 11 ქულით მეექვსეზე არიან.
ქუთაისის “ტორპედო” – თბილისის “დინამო”
დასაწყისი: 30 აპრილი, 17:30
ქუთაისში მეცხრე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს “ტორპედო” და “დინამო” დაუპირისპირდებიან.
ჯამში ეს გუნდები ერთმანეთს 67-ჯერ შეხვდნენ, აქედან 35 მატჩში დინამოელებმა გაიმარჯვეს, 16 შეხვედრაში ქუთაისის ტორპედომ და 16 მატჩი დასრულდა ფრედ. საგულისხმოა, რომ ტორპედომ ბოლო საშინაო შეხვედრა დინამოს წინააღმდეგ 2011 წელს მოგო – 2:1. გოლები გრიგოლ დოლიძემ (7′), გიორგი მეგრელაძემ (11′) და დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა ალბერტ იაგუემ გაიტანეს (42′). ამჟამად “ტორპედო” 15 ქულით მესამეზეა, ხოლო “დინამო” 18 ქულით ლიდერია.