ქინქლაძე: “ბარსელონას” ჩემი შეძენა დღესაც რომ ნდომოდა, “სიტის” ავირჩევდი”
“მანჩესტერ სიტის” ქართველმა ლეგენდამ, გიორგი ქინქლაძემ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მან “ქალაქელების” გამო “ბარსელონას” უარი უთხრა.
ქინქლაძე რამდენიმე დღით მანჩესტერში იმყოფებოდა, სადაც მანჩესტერულ დერბისაც დაესწრო. შეხვედრის დაწყებამდე, ვეტერანი ქართველი რიჩარდ დანთან ერთად მინდორზე გავიდა, გულშემატკივრები კი მათ ოვაციებით შეხვდნენ.
“იყო იმის შანსები, რომ გუნდი დამეტოვებინა. “ბარსელონა” და სხვა კლუბები ინტერესს იჩენდნენ, თუმცა ვერ წავიდოდი. მინდოდა, “მანჩესტერ სიტის” პრემიერ ლიგაში დაბრუნებაში დავხმარებოდი, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება რთული არ ყოფილა.
როცა “სიტიში” ბოლო მატჩი ჩავატარე, “აიაქსთან” შეთანხმება უკვე მიღწეული იყო და ეს ყველამ იცოდა. გუნდის ფანებთან მივედი და მადლობა გადავუხადე. ვტიროდი, რადგან წასვლა არ მინდოდა. დღესაც იგივე სიტუაცია რომ ყოფილიყო და “ბარსელონას” დონის გუნდს ჩემი შეძენის სურვილი გამოეთქვა, “სიტიში” დავრჩებოდი.
“აიაქსში” თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, მწვრთნელი ფლანგზე მათამაშებდა. თუმცა, ამსტერდამში ჩემი თამაშის სანახავად “მანჩესტერ სიტის” ფანები მაინც ჩამოდიოდნენ.
შემდეგ, ინგლისში დავბრუნდი და “დერბის” მაისური მოვირგე, მაგრამ ეს ის გრძნობა აღარ იყო, რასაც ადრე ვგრძნობდი. “მანჩესტერ სიტის” სტადიონზე დაბრუნებისას კი შეუდარებელი დახვედრა მომიწყვეს. იმ დღეს თამაში არ შემეძლო, რადგან იმ გუნდის მოწინააღმდეგე ვიყავი, რომლის გულშემატკივრებიც მიყავდა”, – ციტირებს ქინქლაძის სიტყვებს mancity.com.