სფფ-ის ხელმძღვანელები გურიას ესტუმრნენ
ლევან კობიაშვილი, კახა ჭუმბურიძე და ნიკა ჯღარკავა ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივ საფეხბურთო გუნდ “მერცხალსა” და ჩოხატაურის “ბახმაროს” შეხვდნენ. გურიის ამ საფეხბურთო გუნდებს ამიერიდან კომპანია “ნენას” ბრენდირებული ეკიპირება ექნებათ. ზურაბ ჩხაიძემ, რომელიც “კახეთის ტრადიციული მეღვინეობის” დამფუძნებელია, გუნდებს საჩუქრად ბურთები და სრული საფეხბურთო ეკიპირება გადასცა.
“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კახეთის ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ გურული ბრენდით- “ნენა” მხარი დაუჭიროს ადგილობრივ გუნდებს და შესაბამისად, ქართულ ფეხბურთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანმიმდევრულმა რეფორმებმა გაამართლა და თანდათან კერძო სექტორი აქტიურად ინტერესდება ქართული ფეხბურთით,-” განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ოზურგეთამდე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ლანჩხუთს ესტუმრნენ. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, რომლის განახლებას ადგილობრივი მთავრობა, ფედერაციასთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში გეგმავს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და მასპინძლებმა ლანჩხუთში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნის პერსპექტივაზეც ისაუბრეს.
დღესვე სფფ-ის დელეგაცია ბავშვთა შორის აჭარა-გურიის ჩემპიონატის მატჩსაც დაესწრო, სადაც 12-წლამდე ფეხბურთელთა გუნდები – ლანჩხუთის “გურია” და ბათუმის “ბაკური” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
Gff.Ge