სოლომონ კვირკველიამ რუსეთის თასი მოიგო!
2 მაისს, სოჭში რუსეთის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ეკატერინბურგის “ურალი” და მოსკოვის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ.
ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა ორმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო. “ურალის” ძირითად შემადგენლობაში იყო ჯემალ ტაბიძე, ხოლო “ლოკომოტივის” – სოლომონ კვირკველია. ორივე ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. რაც შეეხება ეკატერინბურგელთა კიდევ ერთ ქართველს, გიორგი ჭანტურიას, მას დიდი ხანია ტრავმა აწუხებს.
მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში ორი გოლი გავიდა, ორივე მოსკოველებმა გაიტანეს. პირველი გოლი იგორ დენისოვის დარტყმას მოჰყვა – ამ ეპიზოდში ბურთი ტაბიძეს მოხვდა და კარებში ისე შეგორდა. მეორე გოლი 91-ე წუთზე მირანჩუკმა გაიტანა – მან საჯარიმოში ეფქტურად იმოქმედა და მეტოქის კარი დალაშქრა – 2:0.
შეხვედრა ჩხუბით დასრულდა, ბოლო წუთებში “ურალისა” და “ლოკომოტივის” რამდენიმე ფეხბურთელმა ერთმანეთთან იჩხუბა. საბოლოოდ, რუსეთის თასს “ლოკომოტივი” დაეუფლა.