“ფეინოორდის” ფანების შეტაკება პოლიციასთან “ექსელსიორთან” მარცხის შემდეგ (ვიდეო)
ჰოლანდიის ერედივიზიის 33-ე ტურში როტერდამის “ფეინოორდს” ვადაზე ადრე გაჩემპიონების შანსი ჰქონდა, მაგრამ გუნდი გასვლაზე “ექსელსიორთან” ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
გუნდის ფანები აღნიშნული მატჩის დაწყებამდე როტერდამის ცენტრში შეიკრიბნენ, რათა შეხვედრისთვის ერთად მიედევნებინათ თვალყური და ჩემპიონობაც ერთად ეზეიმათ, მაგრამ გუნდი დამარცხდა, რამაც ქომაგების გაღიზიანება გამოიწვია. გაბრაზებული ფანების დასამშვიდებლად ქალაქში სპეცდანიშნულების რაზმი გამოვიდა, თუმცა სამართალდამცველების გამოჩენამ აგრესიის ესკალაცია გამოიწვია. საბოლოო ჯამში, გაგულისებული ფანები წყლის ჭავლით დაშალეს.
ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი: სატურნირო ცხრილს “ფეინოორდი” 79 ქულით ლიდერობს და გუნდი ბოლო ტურში “ჰერაკლესს” მასპინძლობს. როტერდამულ კლუბს ერთი ქულით ჩამორჩება ამსტერდამის “აიაქსი”, რომელიც სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში “ვილემ II”-ს ესტუმრება.