ავთანდილ ხურციძე: “სანდერსს მე-8 რაუნდში თავზე ვაკოცებ”
15 მაისს ინგლისში ავთანდილ ხურციძისა და ბილი ჯო სანდერსის პრესკონფერენცია გაიმართა. ეს ორი მოკრივე ერთმანეთს 8 ივლისს მსოფლიო ქამარისათვის დაუპირისპირდება.
ბრიტანელმა მოკრივემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ის ხურციძეს ვერ დაამარცხებს, კრივიდან წავა. ასევე მისი თქმით, ხურციძე იქ მხოლოდ ფულისთვისაა ჩასული.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, iFL TV-მ ქართველ სპორტსმენს ინტერვიუ ჩამოართვა.
– რას ფიქრობთ პრესკონფერენციაზე?
– ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და ლამაზად, რა უნდა ვიფიქრო? მე უფრო ბრძოლაზე ვფიქრობ.
– რას ფიქრობთ ბილი ჯო სანდერსის დღევანდელ განცხადებებზე, რა პასუხს გაცემდით მას?
– ბილი ჯომ კარგად იცის, რაც თქვა. რასაც ამბობს, ყოველთვის ისე არ ხდება. ყველაფერი რინგზე გამოჩნდება – ვინ უფრო ძლიერია, ვინ წაიქცევა მე-6 ან მე-5 რაუნდში, მილიონობით ადამიანი დაგვინახავს.
– რას ფიქრობ ბილი ჯო სანდერსზე, როგორც მოკრივეზე?
– კარგი მოკრივეა, ტექნიკური ბიჭია, ცაციაა. მისი დონის მოკრივეებთან მიჩხუბია და შეხვედრა წარმატებითაც დამისრულებია. მე ბილი ჯო სანდერსი არ ვარ, რომ იმის ლაპარაკი დავიწყო: “ამას მე-6 რაუნდში ნოკაუტში ჩავაგდებ”. თვითონ ბრძოლა მოიტანს იმას, რაც უნდა მოიტანოს.
– სანდერსი აქცენტს შენს ასაკზე აკეთებს, ამაზე რას იტყვი?
– მოემზადოს, ბაბუამ არ გაგლახოსო – ასე გადავცემ.
– რამდენიმე ზედმეტსახელი გაქვს…
– “ტორნადო”, “ჩაქუჩა”, “მაიკ ტაისონი”, “გიჟი კაცი”, “ბრუკლინელი”…
– შეხვედრას შესაფერისი სახელი ჰქვია? (“გიჟი კაცები”)
– მე არ ვფიქრობ, რომ გიჟი ვარ, ხანდახან სიგიჟეს ვიგონებ.
– შეგიძლია, რამდენიმე სიტყვით გვითხრა, რას უზამ სანდერსს?
– არაფერს, მე-8 რაუნდში თავზე ვაკოცებ.