ლიდერ-ბეთი “რუსთავის” სპონსორი გახდა: “ჩვენი მიზანი ქართული სპორტის მხარდაჭერაა!”
ტოტალიზატორების ქსელი, ლიდერ-ბეთი აგრძელებს ქართული ფეხბურთის მხარდაჭერას. როგორც Fanebi.Com-მა დაადგინა, აღნიშნული კომპანია კიდევ ერთი კლუბის, “რუსთავის” სპონსორი გახდა. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მხარეები უახლოეს მომავალში გააკეთებენ.
ჩვენ დავუკავშირდით ლიდერ-ბეთის მენეჯერს, ბაჩო სარალიძეს და მასთან აღნიშნულ საკითხზე ინტერვიუ ჩავწერეთ.
– ადასტურებთ თუ არა რომ ლიდერ-ბეთი “რუსთავის” სპონსორია?
– დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეა. ხელშეკრულება სულ ცოტა ხნის წინ გაფორმდა.
– რამდენ წლიანია თქვენს მიერ ნახსენები დოკუმენტი და რას ითვალისწინებს ის?
– ხელშეკრულება არის გაფორმებული ერთი წლის ვადით. თუმცა, თუ ამ პერიოდის მანძილზე, ნებისმიერ დროს თუ იქნება რაიმე უკმაყოფილება, არის იმის შესაძლებლობა, რომ კონტრაქტი შეწყდეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ დოკუმენტის პირობები არ არის მკაცრი, კაბალური და ასე შემდეგ. მეტიც, თუ ჩვენი მხარდაჭერა რუსთავის საფეხბურთო კლუბს წაადგება, მომავალშიც ვაპირებთ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივოთ.
– რა თანხას მიიღებს “რუსთავი” ლიდერ-ბეთისგან ამ ერთი წლის მანძილზე?
– ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და, შესაბამისად, კონკრეტულ რიცხვს ვერ გეტყვით.
– თქვენი კომპანია რამდენიმე ქართული სპორტული გუნდის სპონსორია. რატომ გაქვთ გეზი აღებული სპორტისკენ?
– ჩვენ ამ მიმართულებით უკვე, დაახლოებით, სამი-ოთხი წელია ვმუშაობთ. ეს სფერო კი იმიტომ გვაქვს არჩეული, რომ ჩვენი საქმიანობა დაკავშირებულია სპორტთან. ზოგადად, ამ მხრივ პიარისა და მარკეტინგული აქტივობების გარდა, სხვა ბევრი რამეც გვაქვს გაკეთებული, რაც სახალხოდ არ ჩანს. ჩვენი სურვილია, რომ ქართული სპორტის მხარდამჭერები ვიყოთ საქმით და გულშემატკივარში ლიდერ-ბეთი სწორედ “მხარდამჭერის” ასოციაციას იწვევდეს. სპორტის დახმარება, განვითარება ჩვენი მიზანია!
– გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია?
დიახ, აუცილებლად გაგრძელდება. მინდა, გითხრათ, რომ “რუსთავის” გარდა, კონტრაქტი გვაქვს თელავის, ტყიბულის, ქობულეთისა და სხვა ქალაქების გუნდებთან. ჩვენ მხოლოდ ფეხბურთს არ ვუდგავართ გვერდში – სპორტის სხვა სახეობებსაც ვცდილობთ, თანადგომა გამოვუცხადოთ. ამ ურთიერთობებს ბოლომდე სპონსორობას ვერ ვუწოდებ. უფრო მეტად, კლუბებს ვეხმარებით და ვცდილობთ, მათ განვითარებაში წვლილი შევიტანოთ. თავისთავად, მათი მხირდანაც კონკრეტულ სარეკლამო მომსახურებას ვიღებთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ქართული სპორტისთვის!