დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 23 მაისი
კლიში “მანჩესტერ სიტის” ტოვებს
“მანჩესტერ სიტის” მცველი გაელ კლიში სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
ფანებთან შეხვედრისას ფრანგ ფეხბურთელს ჰკითხეს, ითამაშებდა თუ არა ისევ ჯო ჰარტთან ერთად, რაზეც კლიშიმ ასე უპასუხა: “რთული სათქმელია. არ ვიცი, იქნება თუ არა მომდევნო სეზონში ჯო ჰარტი “მანჩესტერ სიტიში”, მაგრამ მე გუნდში ნამდვილად აღარ ვიქნები”.
პეპე: “ბოლო მომენტამდე დავიცდი”
მადრიდის “რეალის” ვეტერან მცველს, კეპლერ პეპეს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. საზოგადოებისთვის ჯერ არაა ცნობილი, დაიდება თუ არა ორ მხარეს შორის ახალი ხელშეკრულება.
“რეალში” ძალიან ბერდნიერი ვარ. ახლა 100%-ით მზად ვარ და შემიძლია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშო. ეს მატჩი 3 ივნისსაა, მე კი კონტრაქტი 30 ივნისის ჩათვლით მაქვს. როგორც ბევრჯერ მითქვამს, ახლაც გავიმეორებ, რომ ჯერ არაფერი გადამიწყვიტავს. ვაპირებ, ბოლო მომენტს დაველოდო და მერე გადავდგა ნაბიჯი,” – აცხადებს ბრაზილიური ფესვების მქონე უკანახაზელი.
დანილო “არსენალში”?
Don Balon-ის ცნობით, ლონდონის “არსენალი” მადრიდის “რეალის” მცველის, დანილოს შეძენას შეეცდება.
სავარაუდოდ, “მეთოფეთა” რიგებს ბელერინი დატოვებს, დანილო კი სწორედ მის შემცველლად მოიაზრება.
ოქსლეიდ-ჩემბერლენი “ლივერპულს” სურს
ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელის, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის მომავალი კლუბი, შესაძლოა, “ლივერპული” იყოს. “სანის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერსესაიდელები 23 წლის გარემარბში 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან.
კვეკვესკირი ყაზახეთში მიდის
დიდი ალბათობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში მოასპარეზე “ტობოლში” გააგრძელებს.
“ტობოლს”, რომელიც ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს, ომარ თეთრაძე წვრთნის.
ზიდანს კანტეს “რეალში” ხილვა სურს
მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს “ჩელსის” ნახევარმცველის, ნგოლო კანტეს თავის გუნდში ხილვა სურს.
Don Balon-ის ცნობით, ზიდანი “სამეფო კლუბის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს კანტეს თაობაზე უკვე ესაუბრა.