დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 24 მაისი
“ბარსელონა” დეულოფეუს ევრო 2017-ის შემდეგ დაიბრუნებს
უცხოურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მერსესაიდული “ევერტონის” გარემარბი, ჟერარ დეულოფეუ მომავალი სეზონიდან “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს.
როგორც ცნობილი ხდება, კატალონიურმა გრანდმა ინგლისელებთან ტრანსფერი უკვე შეათანხმა და 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაიხდის.
Mundo Deportivo-ს ცნობით, დეულოფეუ, რომელმაც გასული სეზონი “მილანში” გაატარა, “კამპ ნოუზე” ევრო 2017-ის დასრულების შემდეგ გადაბარგდება.
კოკემ “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი ხუთი წლით გაახანგრძლივა
მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა კოკემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი შრომითი ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. წინა კონტრაქტის ვადა 2019 წლის ზაფხულში იწურებოდა.
შეგახსენებთ, რომ კოკე მადრიდის “ატლეტიკოს” აღზრდილი გახლავთ. 25 წლის ნახევარმცველმა ამ სეზონში ესპანური კლუბის ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 54 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა.
“რეალმა” “ფლამენგოს” 16 წლის თავდამსხმელში 45 მილიონი გადაიხადა
მადრიდის “რეალის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გულშემატკივრებს კიდევ ერთი ახალი ტრანსფერის შესახებ ამცნო.
ამჯერად, საქმე ბრაზილიური “ფლამენგოს” 16 წლის თავდამსხმელს ეხება, რომლის სახელი და გვარი ვინისიუს ჟუნიორი გახლავთ.
როგორც ცნობილი ხდება, მხარეებმა ტრანსფერის ყველა პუნქტი შეათანხმეს. ვინისიუსი სრულწლოვანი 2018 წლის 12 ივლისს გახდება, თუმცა ეს უკანასკნელი “ფლამენგოში” 2019 წლამდე დარჩება.
რაც შეეხება ამ ტრანსფერის ფასს, “სამეფო კლუბი” ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს იხდის.
მორატა “მილანში”?
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანი” ზაფხულში ალვარო მორატას შეძენას შეეცდება. “მარკას” ცნობით, თავდამსხმელს “როსონერის” ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს ჰპირდებიან, რაც მას “რეალში” ნამდვილად აკლია. “სამეფო კლუბი” 24 წლის ფეხბურთელში 60 მილიონ ევროს ითხოვს.
ნაინგოლანისათვის “მილანი” და “ინტერი” იბრძოლებენ
Sky Sport Italia-ს ცნობით, “მილანი” და “ინტერი” “რომას” ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანისათვის იბრძოლებენ. ბელგიელმა ფეხბურთელმა “რომაში” შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და გარდა იტალიური გრანდებისა, მისით სხვა ქვეყნის კლუბებიც დაინტერესდნენ.