დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 25 მაისი
“მონაკომ” ტილემანსი გაიფორმა
“ანდერლეხტის” ნახევარმცველი, იური ტილემანსი, რომლის გადაბირების სურვილსაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღანელები საკმაოდ აქტიურად გამოთქვამდნენ, კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს.
საფრანგეთის ჩემპიონის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ტილემანსმა “მონაკოსთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის ღირებულება კი 25 მილიონ ევროს შეადგენს.
“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, “მილანს” 75 მილიონი ევრო შესთავაზოს
უცხოურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “მილანის” იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმასთვის გამართულ ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედიც” ჩაერთო.
როგორც ცნობილი ხდება, მანჩესტერელები მზად არიან, ახალგაზრდა მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კი მათ დე ხეას ტრანსფერი სჭირდებათ.
მორატა “მილანს” შეუთანხმდა?
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანი” და მორატა კონტრაქტის პირად დეტალებზე შეთანხმდნენ. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ესპანელი თავდამსხმელი “როსონერიში” ყოველწლიურად 7.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ნიკა კვეკვესკირი “ტობოლის” ფეხბურთელია
საქართველოს ნაკრების წევრმა, ნიკა კვეკვესკირმა აზერბაიჯანული “გაბალა” დატოვა და ყაზახურ “ტობოლთან” კონტრაქტი გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, კვეკვესკირი “ტობოლში” წელიწადნახევარი დარჩება.
ხესუს ნავასი “სიტის” ტოვებს
“მანჩესტერ სიტის” კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს. პეპ გვარდიოლას განცხადებით, კლუბი ხესუს ნავასს დაემშვიდობება.
“ხესუსთან ერთად მუშაობა სასიამოვნობ იყო. ის ბევრს ვარჯიშობდა, ნამდვილი პროფესიონალი იყო. მას მომავალში წარმატებას ვუსურვებ”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.Com.