გერმანიის თასი “დორტმუნდმა” მოიგო (ვიდეო)
ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” ფრანკფურტის “აინტრახტსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გერმანიის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელიც თომას ტუხელის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
დორტმუნდელებმა მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მე-8 წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. ჩინებული კომბინაცია ლამაზი დარტყმით ოსმან დემბელემ დააგვირგვინა – 0:1.
მიუხედავად იმისა, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ფრანკფურტელებს განსაკუთრებული სათამაშო უპირატესობა არ მოუპოვებიათ, საპასუხო ბურთის გატანა პირველივე ტაიმში მოახერხეს: 29-ე წუთზე ანტე რებიჩი მეკარესთან პირისპირ დარჩა და წონასწორობა აღადგინა – 1:1.
მატჩის მეორე ნახევარში პიერ-ემერიკ ობამეიანგს შეეძლო მაკრატელა დარტყმით შესანიშნავი გოლის გატანა, მაგრამ რიკოშეტის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა. სამაგიეროდ, რამდენიმე წუთში “ბორუსიას” გაბონელმა თავდამსხმელმა პენალტი გაიტანა, რომელიც საჯარიმო მოედანზე შეცვლაზე შემოსული კრისტიან პულიშიჩის წაქცევისთვის დაინიშნა – 1:2. “ბორუსიამ” მეტოქე ამავე ანგარიშით დაამარცხა და არსებობის განმავლობაში გერმანიის თასი მეოთხედ მოიგო.
გერმანიის თასი
ფინალი
“აინტრახტი” (ფრანკფურტი) — “ბორუსია” (დორტმუნდი) 1:2 (1:1)
გოლები: რებიჩი 29′ — დემბელე 8′, ობამეიანგი 67′ (პენ).