ფანებმა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი აირჩიეს
“სქაი სპორტსის” ვებგვერდზე მოწყობილი გამოკითხვის მეშვეობით ფანებმა ინგლისის პრემიერლიგის 2016-2017 წლების გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს.
გამოკითხვაში, რომელშიც 49 ათასმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა, პირველ ადგილზე 16 378 ხმით “ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელი ჰარი კეინი გაამწესეს. მან პრემიერლიგაში ჩატარებულ 30 მატჩში 29 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მეორე ადგილზე ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ნგოლო კანტე გავიდა, რომელმაც 13 515 ხმა მიიღო. მესამე ადგილი წილად ასევე “ჩელსის” ფეხბურთელ ედენ აზარს ხვდა, რომელსაც 8 412 გულშემატკივარმა დაუჭირა მხარი.
მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პოზიციები შესაბამისად ალექსის სანჩესმა (“არსენალი”; 6 727 ხმა), დელე ალიმ (“ტოტენჰემი”; 3 507 ხმა) და რომელუ ლუკაკუმ (“ევერტონი”; 955 ხმა) დაიკავეს.