მოიზ კინი: “არამგონია დედაჩემმა დაიჯეროს, რომ გოლი გავიტანე”
ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა შემტევმა, მოიზ კინმა “ბოლონიასთან” მატჩში ისტორია დაწერა – ის 2000 წელს დაბადებული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ტოპ ხუთი ჩემპიონატიდან რომელიმეში შეძლო გოლის გატანა.
მატჩის შემდეგ, 17 წლის ფეხბურთელმა პრესასთან ისაუბრა: “ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთი გოლი რომ გავიტანე. ყველა 17 წლის ფეხბურთელი ოცნებობს ისეთი დიდი კლუბის მაისურით გოლის გატანაზე, როგორიც “იუვენტუსია”.
მშვენიერი შეგრძნება იყო, მაგრამ ამისთვის ბევრი ვიშრომე. მჯერა, რომ ჩემთვის ეს მხოლოდ დასაწყისია.
ვარჯიშებიდან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ, ჩემთვის პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში დიდი პატივია და მათთან ახლოს ყოფნა დიდ ბედნიერებას მანიჭებს.
ამ გოლს ჩემს ოჯახს ვუძღვნი, კონკრეტულად კი დედაჩემს. არამგონია მან დაიჯეროს, რომ გოლი გავიტანე!” – აცხადებს მოიზ კინი.