ფრანკ კესიე “მილანში” სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, 30 მაისს “მილანში” სამედიცინო შემოწმებას კიდევ ერთი ფეხბურთელი გაივლის. თითქმის გადაწყვეტილია, რომ “ატლანტას” ნახევარმცველი, ფრანკ კესიე “როსონერის” წევრი გახდება.
Calciomercato-ს ცნობით, “მილანი” და “ატალანტა” ტრანსფერზე რამდენიმე კვირის წინ შეთანხმდნენ. კესიე “მილანელოზე” იტალიის დროით, დილის 9 საათზე მივა. კოტდიუვარელი ფეხბურთელი “შავ-წითლებთან” კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, სეზონში ხელფასის სახით 1.8 მილიონ ევროს მიიღებს.
20 წლის ნახევარმცველმა 2016-17 წლების სეზონში, “ატალანტას” რიგებში ჩატარებულ 31 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. კესიეს 2015 წლიდან კოტდიუვარის ეროვნულ ნაკრებშიც იძახებენ, სადაც უკვე 15 შეხვედრის ჩატარება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ “მილანმა” ზაფხულის პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა – მონტელას გუნდში “ვილიარეალის” ყოფილი მცველი, მატეო მუსაკიო ითამაშებს.