ხედირა: “მინდოდა სხვა გუნდში გადასვლა, რომელიც “რეალზე” მეტად დამაფასებდა”
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ განმარტა, თავის დროზე რატომ დატოვა მადრიდის “რეალი”. შეგახსენებთ, რომ გერმანელი ფეხბურთელი “სამეფო კლუბის” ღირსებას ხუთი წლის განმავლობაში იცავდა.
“რეალში” მწვრთნელებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ისინი სამართლიანად მექცეოდნენ, მაგრამ ხალხი არ მაღიარებდა. ათობით კარგი მატჩის ჩატარება შემეძლო და ამას ყველა ნორმალურად იღებდა, მაგრამ თუ მე-11 შეხვედრაში ისე კარგად ვერ ვითამაშებდი, მაშინვე კრიტიკის ქარცეცხლი მატყდებოდა თავს.
ხუთი წლის შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. უმაღლეს დონეზე თამაში კვლავაც მსურდა, მაგრამ – სხვა გუნდში, რომელიც უფრო მეტად დამაფასებდა”, – ხედირას კომენტარი “კიკერმა” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ხედირას “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში სწორედ “რეალს” დაუპირისპირდება. შეხვედრა 3 ივნისს, კარდიფში ჩატარდება და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.