ალეგრი: “ვეცდებით, რომ ფინალურ მატჩში მადრიდელებზე მეტი გავაკეთოთ”
3 ივნისს, კარდიფში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების დასკვნითი შეხვედრა გაიმართება: ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ.
“ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ტიტულისკენ მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიიწევდა.
“ხვალ მშვიდად ვითამაშებთ. ამ მიზნის მისაღწევად გუნდი მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა. “რეალი” მოქმედი ჩემპიონია და მისი დამარცხება იოლი არ იქნება, მაგრამ ამ წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ და ვეცდებით, რომ მოედანზე მადრიდელებზე მეტი გავაკეთოთ.
ჩვენ მიერ მოპოვებული ყველა ტიტული, ყველა გამარჯვება მხოლოდ რეპეტიცია იყო ხვალინდელი ფინალისთვის. უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ ეს შეგვიძლია, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და საკუთარი ძალების ვირწმუნოთ.
2015 წელს ფინალში დამსახურებულად გავედით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი რამდენიმე წარუმატებლობის გამო მაშინ, ალბათ, თავდაჯერება გვაკლდა. ორი წლის წინ ფინალში ჩვენი გასვლა შემთხვევითი არ იყო, მაგრამ მაშინ გამარჯვებას არ ველოდით. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. გასულ სეზონშიც ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ ბოლო წუთებში მიუნხენის “ბაიერნთან” დავმარცხდით. ჩვენ ეტაპობრივად ვვითარდებით”, – ალეგრის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“იუვენტუსსა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.