დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 3 ივნისი
სირიგუ “ტორინოს” უახლოვდება
დიდი შანსია, “პარი სენ-ჟერმენის” მეკარე, სალვატორე სირიგუ სამშობლოში, “ტორინოს” რიგებში ვიხილოთ. Sky Sport Italia-ს ცნობით, ტურინული კლუბი 30 წლის კარის დარაჯს სეზონში 2 მილიონ ევროს გადაუხდის.
“ბაიერნი” სანჩესის შეძენას შეეცდება
Mirror-ის ცნობით, “ბაიერნის” ხელმძღვანელობა ზაფხულში ალექსის სანჩესის შეძენას შეეცდება. ჩილელი ფეხბურთელით “ჩელსი” და “მანჩესტერ სიტიც” ინტერესდებიან, თუმცა “არსენალს” მისი პრემიერ ლიგის რომელიმე სხვა კლუბში გაშვებ არ სურს.
“ჩელსის” დანი ალვეში სურს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე დანი ალვეშის შეძენაზე სერიოზულად ფიქრობს.
როგორც ირკვევა, ტურინელთა მარჯვენა მცველის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ სიტი” და “ტოტენჰემიც” იჩენენ.
“მანჩესტერ იუნაიტედი” რაფაელ ვარანის ტრანსფერით ინტერესდება
ბრიტანული Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები აქტიურად არიან დაინტერესებულნი რაფაელ ვარანის გარშემო არსებული სიტუაციით.
შეგახსენებთ, რომ როდესაც ვარანი “რეალში” გადაბარგდა (2011), “რეალის” მთავარი მწვრთნელი სწორედ ჟოზე მოურინიო იყო, რომელთანაც ფრანგმა მცველმა ორი სეზონის მანძილზე ითანამშრომლა.
აგენტი: “ევერტონმა” ლუკაკუს პირობა მისცა”
ინგლისური “ევერტონის” ბელგიელი ლიდერის, რომელუ ლუკაკუს აგენტმა, მინო რაიოლამ პრესასთან თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.
“ხელმძღვანელები ლუკაკუს დაპირდნენ, რომ თუ რომელიმე კლუბი მათ პირობებს დააკმაყოფილებდა, მას წასვლის უფლებას მისცემდნენ.
ამჟამად, კონკრეტული არაფერი ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ლუკაკუს მიმართ ინტერესს ძალიან ბევრი კლუბი იჩენს.
თუ “ევერტონისთვის” შეთავაზებული თანხა დამაკმაყოფილებელი იქნება, ხოლო ლუკაკუსთვის – მომავალი კლუბის პროექტი, ყველაფერი გამოვა. თუმცა, ჯერჯერობით მსგავსი არაფერია,” – აცხადებს რაიოლა, რომლის კლიენტსაც 100 მილიონ ფუნტად აფასებენ.