აფრიკასთან 6 ცვლილებით
არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებთან გადატანილი ბრძოლის შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ‘ნორჩ ქურციკებთან’ გასამართიი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში ექვსი მორაგბე შეცვალა.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში არგენტინასთან გელა აფრასიძემ პირველ ტაიმში 4 ჯარიმა გაიტანა. შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულმა გიორგი კვესელაძემ და უშანგი ჭეიშვილმა ლელოები დადეს, ხოლო აფრასიძემ და გიორგი გოგოლაძემ გარდასახვები შეასრულეს, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – 26:37.
„მონდომება დიდი იყო, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ მოვიკოჭლებდით სათამაშო დისციპლინაში, მღელვარების ფონზე დაცვაში რამდენიმე მარტივი შეცდომა დავუშვით და მეტოქეს ქულების მარტივად აღების საშუალება მივეცით. თავის მხრივ, ჩვენ თითოეული ქულის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა და კლასით უფრო მაღალმა გუნდმა შანსი ხელიდან არ გაუშვა“ – აფასებს განვლილ თამაშს უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე.
მომავალი თამაშისთვის ორი მორაგბე ტრავმის გამო დაგვაკლდება. სამწუხაროდ, 20-წლამდელთა ჩემპიონატში ვეღარ ითამაშებს გარემარბი ლადო მიმინოშვილი, ხოლო ბურჯ გურამ პაპიძეს დასვენება ჭირდება და საფრანგეთთან მატჩისთვის მწყობრში იქნება.
მთლიანობაში, სასტარტო შემადგენლობაში 6 ცვლილება განხორციელდა – მიმინოშვილის ნაცვლად, გარემარბად თამაშს აკაკი ტაბუცაძე იწყებს, ხოლო შუამარბის პოზიციაზე გიორგი წიკლაურს გიორგი კვესელაძე შეცვლის, რომელმაც პირველ მატჩში ტრავმირებული მიმინოშვილი შეცვალა.
შერკინების პირველ ხაზში გურამ გოგიჩაშვილის ნაცვლად სასტარტოში უშანგი ჭეიშვილი გამოჩნდა, მეორე ხაზში ბექა საღინაძე ლაშა ჯაიანმა შეცვალა, ხოლო მესამე ხაზში გიორგი ნუცუბიძისა და არსენ მაჩალაძის ნაცვლად, თამაშს თორნიკე ჯალაღონია და შოთა არეშიძე იწყებენ.
„განვლილმა თამაშმა აჩვენა, რომ ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებული, თუმცა ამ მხრივ სამხრეთ აფრიკასთან რთული შეხვედრა გველის. გვაქვს გეგმა შერკინებაში და იმედია, ის კარგად იმუშავებს. აფრიკელებს მაღალი ბიჭები ყავთ, მაგრამ ვეცდებით დერეფნებში დავუპირისპირდეთ და მეტოქეს კარგი პირველი ბურთი არ მივცეთ. ვფიქრობ, აფრიკელებს ფრანგებთან თამაში არ წაუვიდათ და რეალურად უფრო კარგი გუნდია. მათი თამაში განვიხილეთ და გარკვეული გეგმა დავსახეთ“ – ამბობს მაისურაძე.
მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ უმცროს ბორჯღალოსნებს მაყურებლისგან სამხრეთ აფრიკასთანაც ისეთივე მხარდაჭერა ექნება, როგორც არგენტინასთან შეხვედრისას ჰქონდა:
„ეს ბიჭები მსგავს გარემოში თამაშს მიჩვეულები არ არიან. მაყურებლებისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით და ამან დიდი ძალა შეგვმატა. რთულ მომენტებში ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა, მინდა თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო“.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი | თბილისი. ავჭალა. 18:00
საქართველო – სამხრეთ აფრიკა
საქართველო: 15. მირიან მოდებაძე (აია), 14. აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენს), 13. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო სარასენს), 12. გიორგი კვესელაძე (ლელო სარასენს), 11. დავით მესხი (არმია), 10. თედო აბჟანდაძე (აია), 9. გელა აფრასიძე (ლელო სარასენს); 1. უშანგი ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 2. ლევან პაპიძე (ლელო სარასენს), 3. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფრანგეთი), 4. კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), 5. ლაშა ჯაიანი (ექსეთერი, ინგლისი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), 7. ილია სპანდერაშვილი (არმია, კაპ.), 8. შოთა არეშიძე (აია).
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (ლელო სარასენს), 17. გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), 18. რევაზ დუგლაძე (ლელო სარასენს), 19. ბექა საღინაძე (ლელო სარასენს), 20. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 21. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 22. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 23. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი).
Rugby.GE