ზურაბ ხიზანიშვილი 21 წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბში სიახლეა – მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის თანაშემწედ გამოცდილი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი დაინიშნა.
სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გუნდს ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა წარუდგინეს.
“ძალიან სასიხარულოა, რომ ზურაბ წარმატებული აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ, რჩება ქართულ ფეხბურთში და აქვს სურვილი, რომ თავისი გამოცდილება გაუზიაროს ახალგაზრდა თაობას, რაც ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ნაკრებისათვის. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ზურაბ ინგლისში თამაშის პერიოდიდან ფიქრობდა, რომ ის კარიერას მწვრთნელის ამპლუაში გააგრძელებდა და ამისთვის შესაბამისი განათლება და გამოცდილებაც აქვს. ამ თაობაში ცოტაა ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ მწვრთნელობა გადაწყვიტეს და მე მიხარია, რომ ზურაბ ჩვენთან არის და დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა დადებითად აისახება ჩვენს 21-წლამდე ნაკრებზე,” – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.
35 წლის ზურაბ ხიზანიშვილმა ფეხბურთელის კარიერა აზერბაიჯანულ “ინტერში” დაასრულა – გასულ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. იქამდე კი თბილისის “დინამოში”, “ლოკომოტივში”, შოტლანდიურ “დანდისა” და “რეინჯერსში”, ინგლისურ “ბლექბერნში”, “ნიუკასლსა” და “რედინგში”, თურქულ “ქაისერისფორში”, ასევე თბილისის “დინამოში” და “სამტრედიაში” უთამაშია.
ზურაბ ხიზანიშვილი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ის ერთ-ერთი რეკორდსმენია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით (93 მატჩი).
ახალგაზრდულ ნაკრებში ზურაბ ხიზანიშვილის გარდა გია გეგუჩაძის ასისტენტები არიან გია ჭიაბრიშვილი, დავით ჯანელიძე და ივან ვუჩეტიჩი.
შეგხსენებთ, რომ 8 და 12 ივნისს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი ჯერ ბულგარეთს ეწვევა, შემდეგ კი – მონტენეგროს.
სფფ-ის პრესსამსახური