“რეალი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია (ვიდეო)
მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. კარდიფში გამართულ ფინალურ მატჩში “სამეფო კლუბმა” “ბებერი სინიორა” ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
მატჩი იტალიელებმა აქტიურად დაიწყეს და საწყის ათ წუთში რამდენჯერმე დაარტყეს, ყველაზე სახიფათო კი მირალემ პიანიჩის დარტყმული იყო, რომლის მოგერიებაც კეილორ ნავასმა მოახერცხა. ამის შემდეგ თამაში შედარებით გათანაბრდა და მე-20 წუთზე მადრიდელები დაწინაურდნენ კიდეც. ტონი კროოსმა კონტრშეტევა წამოიწყო, დანიელ კარვახალმა კი ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფი კრიშტიანუ რონალდუ მოძებნა და ამ უკანასკნელმა ჯანლუიჯი ბუფონს აუღებელი დაურტყა. ტურინელებმა წონასწორობის აღდგენა ზუსტად შვიდ წუთში მოახერხეს: ფანტასტიური კომბინაცია მარიო მანჯუკიჩმა “მაკრატელა” დარტყმით დააგვირგვინა და ანგარიში გათანაბრდა – 1:1. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
შეხვედრის მეორე ნახევარში “რეალმა” პირწმინდად დაჯაბნა “იუვენტუსი”, რაც სამ გატანილ გოლში აისახა: 61-ე წუთზე კაზემიროს შორეულ გასროლას ბუფონმა ვერაფერი მოუხერხა, სამი წუთის შემდეგ კი რონალდუმ დუბლი გაიფორმა და ტურინელთა იმედებს ცივი შხაპი გადაასხა. 84-ე წუთზე იტალიელები მოედანზე სულაც ათი კაცით დარჩნენ: ხუან კუადრადომ სერხიო რამოსს ხელი ჰკრა, რისთვისაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. 90-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა მარკო ასენსიომაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.
მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მე-12-ედ მოიგო. ზინედინ ზიდანი კი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი მიჯრით მეორედ დაისაკუთრა, თან ეს “სამეფო კლუბის” თავკაცის პოსტზე მუშაობის პირველ ორ წელიწადში მოახერხა.
ჩემპიონთა ლიგა
ფინალი
“იუვენტუსი” — “რეალი” 1:4 (1:1)
“იუვენტუსი”: ბუფონი; დანი ალვესი, ბარძალი (კუადრადო 66′), ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი (პიანიჩი 70′); მანჯუკიჩი, დიბალა (ლემინა 78′), იგუაინი.
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
“რეალი”: ნავასი; კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო; კროოსი (მორატა 89′), კაზემირო, მოდრიჩი; ისკო (მარკო ასენსიო 82′), ბენზემა (ბეილი 77′), რონალდუ.
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი.
გოლები: მანჯუკიჩი 27′ — რონალდუ 20′, 64′, კაზემირო 61′, მარკო ასენსიო 90′.
გაფრთხილებები: დიბალა 12, პიანიჩი 66′, ალექს სანდრო 70′, კუადრადო 72′ — სერხიო რამოსი 31′, კარვახალი 42′, კროოსი 53′.
გაძევება: კუადრადო 84′.
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).