ვლადიმირ ვაისი: “მოლდოვასთან სამ ქულას ვერ დავგეგმავთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ბევრი ფეხბურთელი ფორმაში არ არის, ასეთ დროს კი ხარისხიანი თამაშის ჩვენება რთულია. არაბიძემ გუნდში ახალი სიცოცხლე შემოიტანა.
რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის. ტრავმების გამო, ნახევარი გუნდი გვაკლდა. არაბიძეს დიდი პოტენციალი აქვს, ის ნაკრებში თამაშს ნელ-ნელა ეჩვევა.
ანანიძესა და გვილიას მცირე ტრავმები ჰქონდათ, ამიტომ ისინი დავასვენეთ. პირველ ტაიმში ტონუსი არ იყო მაღალ დონეზე, მეორე ნახევარში კი უკეთესები ვიყავით.
პრაქტიკის არ ქონა პრობლემაა. ბოლო სამ თვეში ვაკო ყაზაიშვილი 30 წუთს თამაშობდა. სამი დღის წინ, მოლდოვის ნაკრების თამაშს ვუყურე და ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დარჩენილ დღეებს მათთან მატჩისათვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ.
ფაქტია, რომ ჩვენზე ძლიერ გუნდებთან უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე – სუსტებზე. მე არ მითქვამს, რომ მოლდოვიდან სამ ქულას წამოვიღებთ, რადგან არც „ბარსელონა“ ვართ და არც „რეალი“.”