აგენტი: “მორატა გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს”
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, ალვარო მორატა გასულ ზაფხულში დაბრუნდა “ბლანკოსში” და “ლა ლიგაში” 14 გოლის გატანა შეძლო. საგულისხმოა, რომ ესპანელს არც ისე დიდი სათამაშო დრო ეძლეოდა. მორატა წასვლაზე დაფიქრდა და მისი შეძენით, განსაკუთრებით, “მილანი” და “მანჩესტერ უნაიტედი” დაინტერესდნენ. ვრცელდება იფორმაცია, რომ ორივე კლუბი მზადაა, 24 წლის თავდამსხმელში 60 მილიონ ევროს გადაიხადოს – იტალიელები კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებენ, ხოლო, “წითელ ეშმაკებს” ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელი სჭირდებათ.
მორატას წასვლა-არწასვლაზე ისაუბრა მისმა აგენტმა, ხუანმა ლოპესმა.
“ალვარო არის ფეხბურთელი, რომელსაც გუნდის წარმატებაში უფრო დიდი როლის თამაში უნდა. ეს ჩვეულებრივი რამაა იმ სპორტსმენისთვის, რომელიც ცოტას თამაშობს და სეზონში მაინც იტანს ოც გოლს. მას არსებული სიტუაცია არ აკმაყოფილებს. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. “რეალს” შესანიშნავი სეზონი ჰქონდა – მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგო. მორატაც, რა თქმა უნდა, გახარებულია, თუმცა იგი ახლა ფიქრის პროცესშია. პირადად მან უნდა გადაწყვიტოს, სად ითამაშებს მომავალ სეზონში. ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა,” – აცხადებს ესპანელის აგენტი.