დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 10 ივნისი
მორატას 64-მილიონიანი ტრანსფერი თითქმის დასრულებულია
ესპანური რადიოს, Radio Onde Cero-ს მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებთან ალვარო მორატას ტრანსფერი შეათანხმა.
როგორც ცნობილი ხდება, 24 წლის ესპანელი თავდამსხმელის ტრანსფერი “ოლდ ტრაფორდის” ბინადრებს 64 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
“ატლეტიკო” კოშტას მიუბრუნდა?
მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელებმა ლონდონის “ჩელსის” ესპანელი ფორვარდის, დიეგო კოშტას მიმართ ინტერესი განაახლეს. ამ ინფორმაციას ესპანური AS ავრცელებს.
ტრანსფერის შემთხვევაში, დიეგო კოშტა “ვანდა მეტროპოლიტანოზე” თამაშს 2018 წლის იანვრამდე ვერ შეძლებს, რაც მისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს.
200 მილიონი კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ?
AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უცნობი ჩინური კლუბი მზადაა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერში მადრიდულ გრანდს 200 მილიონი ევრო გადაუხადოს.
გარდა ამისა, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გენიალურობით მოხიბლული ჩინური კლუბი მზადაა, მას წელწადში 120 მილიონი ევრო გადაუხადოს ხელფასის სახით.
“ჩელსი” ბონუჩის ტრანსფერზე მუშაობს
ანტონიო კონტე ტურინის “იუვენტუსის” დაცვის ბურჯს, ლეონარდო ბონუჩის არ ეშვება და მაქსიმალურად ცდილობს, ის “ჩელსიში” გადაიბიროს.
Daily Mirror-ის ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “არისტოკრატთა” იტალიელი თავკაცი მზადაა, ლეონარდო ბონუჩის ტრანსფერს ნემანია მატიჩი შეწიროს.
“ბორუსია” დემბელეს 90 მილიონად აფასებს
დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელებმა კატალონიური “ბარსელონას” სამიზნეს, უსმან დემბელეს ფასი დაადეს – გერმანელები მის გაყიდვას 90 მილიონ ევროდ აპირებენ.
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, 20 წლის ფეხბურთელი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს სამიზნეთა სიაში პირველ ადგილს იკავებს.