ფუტსალის ლიგა 2016/17: “სტუ-თელასი” საქართველოს ჩემპიონია!
12 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის ფინალური სერიის მესამე გადამწყვეტი შეხვედრ,ტრიბუნებზე სრული ანშლაგის ფონზე ჩაიარა და სტუ-თელასმა საოცარი ბრძოლის უნარიანობის და მონდომების ხარჯზე, ფაქტიურად შეუძლებელი შეძლო და სამ ბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, 5:4 დაამარცხა ფავორიტად შერაცხული მფკ ტატიშვილი და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
გადამწყვეტ შეხვედრამდე გუნდებმა მოგებები გაცვალეს – „მედიკოსებმა“ პირველი დაპირისპირება საკმაოდ დამაჯერებლად, 9:4 მოიგეს, თუმცა განმეორებით შეხვედრაში 2:3 დათმეს. გუშინდელი დაპირისპირების პირველი 24 წუთიც თითქოს ცუდს არაფერს უქადდა ალე ძაბირაძის შეგირდებს – მატჩის მე-11 წუთზე ბუთა კაკაბაძემ ულამაზესი დარტყმით დააწინაურა თავისიანები, რვ აწუთში შოთა ჭანუყვაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. მანვე მეორე ტაიმის განახლებიდან ორ წუთნახევარში ანგარიში 3:0 გახადა, რის შემდეგაც თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი უნდ აყოფილიყო, თუმცა ასე არ ფიქრობდა ავთანდილს ასათიანი და მისი გუნდი.
„ენერგეტიკოსების“ მოთამაშე მწვრთნელმა მალევე შეძლო ანგარიშის სხვაობის შემცირება. ამის შემდეგ მოედანზე ემოციებმა იმძლავრეს, რასაც რამოდენიმე ყვითელი ბარათი და ავთანდილ ასათიანის გაძევება მოყვა. როგორც აღმოჩნდა მოვლენების ასეთი განვითრებისთვის ფსიქოლოგიურად უკეთ მომზადებულები სწორედ თელასის ფეხბურთელები აღმოჩნდნენ – 6 წუთიან ინტერვალში კარლო წვერავას და რასიმ კურბანოვის გოლებით, მათ ჯერ ანგარიშის გათანაბრება და შემდეგ დაწინაურებაც მოახერხეს – 3:4. თუმცა 34-ე წუთზე, ლევან კობაიძემ საჯარიმოში თავისივე წაქცევისთვის დანიშნული 6 მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 4:4. ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, თუმცა გადამწყვეტი მატჩის 39-ე წუთი აღმოჩნდა, როდესაც კახა მაისაიაზე „მედიკოსებმა“ თამაშის წესი დაარღვიეს და მეექვსე ჯარიმა დაიმსახურეს, რასაც 10 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა მოყვა, რომელიც მატჩის საუკეთესო ბომბარდირმა კარლო წვერავამ, უნაკლოდ შეასრულა და როგორც შემდეგ გაირკვა, საკუთარ გუნდს ჩემპიონობა მოუტანა – 4:5!
მატჩის შემდეგ:
ავთანდილ ასათიანი, სტუ-თელასის მთავარი მწვრთნელი: „პირველ რიგში მინდა ჩემს ბიჭებს ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა, რადგან 3:0 დან ისეთ გუნდს როგორიც ტატიშვილია ამოუტრიალო თამაში თითქმის წარმოუდგენელია. მინდა რომ ყველას მივულოცო, რადგან ხედავდით რომ ნამდვილი ზეიმი იყო, ფინალისთვის შესაფერისი თამაში იყო დაძაბულობა მართლაც დიდი იყო, მაგრამ ჩვენ ყველანი მეგობრები ვართ, თამაშის შემდეგ ყველა ერთმანეთს ჩავეხუტეთ, ერთი რამ ცხადია ქართული ფუტსალი სწორი გზით მიდის.“
12.06.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე . ფინალი (III)
მფკ ტატიშვილი – მფკ სტუ-თელასი 4:5 (2:0)
გოლები: 10:45’ კაკაბაძე (1:0), 18:41’ ჭანუყვაძე (2:0), 22:30’ ჭანუყვაძე (3:0), 24:18’ ასათიანი (3:1), 25:20’ წვერავა (3:2), 29:29’ კურბანოვი (3:3), 31:44’ წვერავა (3:4), 33:27’ კობაიძე (4:4 6მ), 38:38’ წვერავა (4:5 10მ)
გაფრთხილება: 16:09’ ბობოხიძე (ტატ), 24:35’ ბოკერია (თელ), 24:35’ ასათიანი (თელ), 24:35’ სიგუნავა (ტატ), 33:28’ სოზაშვილი
გაძევება: 24:35’ ასათიანი (თელ)
მესამე, გადამწყვეტ შეხვედრაში გაირკვა ბრინჯაოს მედლების მფლობელის ბედი. მფკ თბილისმა დამაჯერებლად, 7:4 დაამარცხა მფკ აგორა და ზედიზედ მეორედ დაასრულა სეზონი III ადგილზე.
ამ მატჩამდე გუნდებმა ორი რადიკალურად განსხვავებული შეხვედრა გამართეს. პირველ დაპირისპირებაში „დედაქალაქელებმა“ 4:3 დაამარცხეს მეტოქე, თუმცა განმეორებით შეხვედრაში უშანსოდ, 11:5 განადგურდნენ და თითქოს გუშინაც ფსიქოლოგიური უპირატესობა ლიგის დებიუტანტის მფკ აგორას მხარეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ დიმიტრი მაყიშვილის შეგირდების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ საოცარი მობილიზებით ჩაატარეს გადამწყვეტი მატჩი და თუ არ ჩავთვლით ბოლო ხუთ წუთს, როდესაც თბილისი კაცნაკლული დარჩა და აგორამ, მათ საუკეთესო ფეხბურთელის გია ნიკვაშვილის ლიდერობით ოთხ ბურთიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თბილისი გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ბრინჯაოს მედლებიც დამსახურებულად მოიპოვა.
მატჩის შემდეგ:
დიმიტრი მაყიშვილი, მფკ თბილისის მთავარი მწვრთნელი: “პირველ რიგში მინდა გამოვყო მეტოქის ძლიერი თამაში მთელი სერიის განმავლობაში და მადლობა გადავუხადო კარგი სპარინგ პარტნიორობისთვის. ჩევნ ბევრად მობილიზებულები გამოვედით, ამიტომაც დავიცავით ტიტული და შევინარჩუნეთ მესამე ადგილი. მინდა მივულოცო ჩემს გუნდს და თითოეულ მოთამაშეს.“
12.06.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე . III ადგილი (III)
მფკ თბილისი – მფკ აგორა 7:4 (4:1)
გოლები: 02:26’ ღუდუშაური (1:0), 10:49’ ჯანგავაძე (2:0), 13:11’ ალავიძე (2:1), 16:39’ ჯანგავაძე (3:1 6მ), 18:33’ დარჩია (4:1), 25:35’ რეხვიაშვილი (5:1), 34:42’ ნიკვაშვილი (5:2), 35:15’ ალავიძე (5:3), 36:09’ ნიკვაშვილი (5:4), 37:39’ მხითარიანი (6:4), 39:50’ თურმანიძე (7:4)
გაფრთხილება: 13:38’/35:00’ ღუდუშაური (თბ), 16:38’ გოგიშვილი (აგო)
გაძევება: 35:00’ ღუდუშაური (თბ)
მატჩების დასრულების შემდეგ, გაიმართა ტრადიციული დაჯილდოვების ცერემონიალი. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სფფ-ს ვიცე პრეზიდენტებმა, ალექსანდრე იაშვილმა და კახა ჭუმბურიძემ და სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა, ზაალ ჩიტალაძემ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები და გუნდები დააჯილდოვეს.
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის ნომინანტები გახდნენ:
საუკეთესო მეკარე – ჯაბა ჯამბურია (მფკ ტატიშვილი)
საუკეთესო მცველი – ბუთა კაკაბაძე (მფკ ტატიშვილი)
საუკეთესო თავდამსხმელი – გია ნიკვაშვილი (მფკ აგორა)
საუკეთესო უნივერსალი – კახა მაისაია (სტუ-თელასი)
საუკეთესო ასისტენტი – შოთა თოფურია (სტუ-თელასი) – 24 პასი
საუკეთესო ბომბარდირი – ლაშა სიგუნავა (მფკ ტატიშვილი) – 38 გოლი
ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე – შოთა თოფურია (სტუ-თელასი)
დაჯილდოვების შემდეგ:
შოთა თოფურია, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (სტუ-თელასი): „სასიამოვნოა პირადი ჯილდოები, მაგრამ ჩემპიონობა უფრო მნიშვნელოვანი იყო ოსეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც ტატიშვილია. მთელი ჩემპიონატის მანძილზე ლიდერობდნენ და ბოლოს შევძელით მობილიზება, ბრძოლის და ერთიანობის ხარჯზე გავიმარჯვეთ და ღირსეული ჩემპიონები გავხდით“
ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ს ვიცე პრეზიდენტი: „საოცარი თამაში იყო. ამ ორ ძლიერ გუნდში ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ. დიდი მადლობა ფინალისტებს, რადგან მაყურებელს ასეთი საოცარი თამაში შესთავაზეს. ფუტსალის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ფინალსაც ეტყობოდა, რომ სპორტის ეს სახეობა წინ მიიწევს და ეს ფაქტი ყველას გვახარებს.“
ზაალ ჩიტალაძე, SBM-ის დირექტორი: „პირველ რიგში გულწრფელად მინდა მივულოცო, არამარტო გუნდებს, არამედ ყველას, გულშემატკივარს, მათ ვისაც სპორტის ეს სახეობა უყვარს, იმიტომ რომ დღევანდელმა დღემ გვანახა, რომ ფუტსალი სწორი გზით ვითარდება და ჩვენ გვაქვს საფუძველი რომ ფუტსალი გახდეს წარმატებული გუნდური სახეობა და ჩვენ ამას ყველა ერთად შევძლებთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ეს ბრწყინვალე გამარჯვება მივულოცო თელასის გუნდს, ფინალის მონაწილე ტატიშვილსაც იმიტომ რომ მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ესეთი კარგი მატჩი. უკვე მოუთმენლად ველით ხვალინდელ დღეს და ხვალინდელი დღე არის უფრო მეტი შრომა გუნდების მხრიდან, უფრო დიდი შრომა ჩვენი მხრიდან, რომ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს, ეს ძალიან სანახაობრივი სახეობა.“
ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი: „საუცხოო ფინალის მომსწრე გავხდით,რომელიც ემოციებით სავსე გახლდათ, სათამაშო დონე იყო ძალიან მაღალი და რაც მთავარია რის გამოც გვიყვარს ფეხბურთი ეს არის ლამაზი სანახაობა, გულშემატკივრის ემოციები.
მსგავსი რამ იშვიათად მინახავს ეს იყო ფინალი,რომელიც დაამშვენებდა ყველა ევროპული დონის ჩემპიონატს. ესეთი ფინალები იქნება სწორედ საწინდარი იმისა, რომ ეროვნული ჩემპიონატის დონე კიდევ უფრო ამაღლდეს, უფრო ძლიერი ნაკრები გვყავდეს და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ჩემპიონატშიც ასეთივე გულშემატკივარი იქნება და არაერთი მაყურებელი მოვა ,არამედ ნამდვილად ფუტსალი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა საქართელოში.
მინდა წარმატება ვუსურვო ფინალისტებს მე დარწმუნებული ვარ, რომ ტატიშვილის გუნდი შემდეგ სეზონშიც ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, მაგრამ გამარჯვებულებს რა თქმა უნდა განსაკუთრებით მინდა მივულოცო შეძლეს შეუძლებელი და ძალიან რთული მატჩი შემოაბრუნეს, მინდა მათ მივულოცო წარმატება.“
Gff.Ge