თბილისს ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი სტუმრობს (ვიდეო)
13 ივნისს, სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან ტომ ვაიკინგთან და ვიცე-პრეზიდენტთან შაჰინ კოლუჩუსთან. სტუმრებს, საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან – ზაქარია ჯაჭვაძესთან ერთად უმასპინძლა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძემ.
მხარეებმა ისაუბრებეს საქართველოში ამერიკული ფეხბურთის განვითარების პერსპეტივებზე. საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე თვეა, რაც ოფიციალურად აღიარა და საერთაშორისო ფედერაციის სრულუფლებიან წევრად მიიღო. საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარების კუთხით პირველი ნაბიჯები იდგმევა. ფედერაციამ დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობს.
ამ ეტაპზე პირველობისთვის თბილისის “ჯვაროსნები”, მცხეთის “იბერია”, რუსთავის “ფოლადი” და ქუთაისის “ლომები” იბრძვიან. უახლოეს პერიოდში იგეგმება კიდევ 4 გუნდის ჩაბმა შიდა პირველობაში. საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციას დახმარებას დაპირდა – ქართული მხარე მიიღებს შესაბამის ეკიპირებას და ფორმებს, რაც შიდა პირველობაში ახალი გუნდების ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.
სამინისტროს პრესსამსახური