ცვლილებები 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
„ტოკიო-2020″-ის პროგრამაში ძიუდოისტთა გუნდური შეჯიბრების ჩართვის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ამ დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი. ის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის სოკ-ს, მის აღმასრულებელ საბჭოს, ზაფხულის ოლიმპიური სახეობების საერთაშორისო ფედერაციების ასოციაციას, სოკ-ის პროგრამების და „ტოკიო-2020″-ის საკოორდინაციო კომისიებს და ამბობს, რომ ძალიან ამაყი და და ბედნიერია მიღწეული შედეგით.
„ძიუდოისტთა შერეული გუნდური შეჯიბრების შეტანა ოლიმპიურ თამაშებში – ეს არის ძიუდოს ოჯახის ოცნების ასრულება და ის ფაქტი, რომ ჩვენ სტარტს ვიღებთ ტოკიოში, ჩვენი სპორტის სამშობლოში, ამ ყველაფერს განსაკუთრებულს ხდის,” – აცხადებს ვიზერი. მას მიაჩნია, რომ ეს სიახლე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ძიუდოს შემდგომ განვითარებას, ოლიმპიური მოძრაობის და ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციას.
გუნდური შეჯიბრების ფორმატი ბოლომდე დაზუსტებული არ არის. მოსალოდნელია, რომ ოლიმპიადაზე არანაკლებ 12 გუნდი აიასპარეზებს, თითოეულის შემადგენლობაში შევა 3 კაცი (73, 90 და +90 კგ) და 3 ქალი (57, 70 და +70 კგ). შეხვედრის ფრედ – 3: 3 დამთავრების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც უფრო მეტი და უფრო მაღალი ხარისხის გდება დაუგროვდება. თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარი იქნება, მაშინ მხედველობაში მიიღებენ ორთაბრძოლების ხანგრძლივობის ჯამურ დროს. შერეულ გუნდურ ტურნირში მხოლოდ ის ძიუდოისტები გამოვლენ, რომლებსაც ინდივიდუალური ოლიმპიური ლიცენზია ექნებათ. გუნდების რეიტინგი ასევე ინდივიდუალური მაჩვენებლების ჯამით დადგინდება, 4 საუკეთესო გუნდი კი განითესება. გუნდური ტურნირისთვის დამატებით ერთ საშეჯიბრო დღეს გამოყოფენ, შეხვედრები ერთ ტატამზე ჩატარდება.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი