ეროვნული ლიგის მე-17 ტური: პრევიუ
დღეს და ხვალ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართება.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ ნახსენები მატჩების პრევიუს.
თბილისის “ლოკომოტივი” – სამტრედიას “სამტრედია”
დასაწყისი: 16 ივნისი, 17:30 წუთი
16 ივნისს, ტურის პირველ შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივი“ „დავით პეტრიაშვილზე“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. მატჩს სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. გუნდები უშუალო კონკურენტები არიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა. ლოკო 24 ქულით მეოთხე ადგილზეა, სამტრედიელებს კი, 27 ქულა აქვთ და მესამე პოზიციას იკავებენ. კლუბებს შორის პირველ წრეში სამტრედიაში გამართული შეხვედრა გატანილი გოლები გარეშე 0:0 დასრულდა.
ფოთის “კოლხეთი” – საჩხერის “ჩიხურა”
დასაწყისი: 16 ივნისი, 18:30 წუთი
ფოთის „კოლხეთი“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს. ფოთელები მართალია გასავარდნ ზონაში არიან, მაგრამ გელა სანაიას გუნდმა ბოლო ტურებში თამაში გამოასწორა და ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. წარმატებული სერია ჰქონდათ საჩხერელებსაც, მაგრამ ბოლო ტურში ისინი ქუთაისის „ტორპედოსთან“ დამარცხდნენ. მიმდინარე სეზოში კლუბებს განსხვავებული მიზნები აქვთ, თუმცა შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „კოლხეთს“ უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება სურს, „ჩიხურა“ კი, საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის.
გორის “დილა” – ქობულეთის “შუქურა”
დასაწყისი: 16 ივნისი, 20:30 წუთი
სათამაშო დღის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს გორის „დილა“ და ქობულეთის „შუქურა“ დაუპირისპირდებიან. გორელები მოახლოვებულ მატჩს ზივ ავრაჰამ არიეს გარეშე ხვდებიან. ებრაელმა სპეციალისტმა კლუბი ბოლო ტურის შემდეგ დატოვა და როგორც ცნობილია უახლოეს ორ შეხვედრაში მის მოვალეობას გიორგი დეკანოსიძე შეასრულებს. ახალი მთავარი მწვრთნელი ყავთ ქობულეთელებსაც. გიორგი შაშიაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა ორი შეხვედრა გამართა, საიდანაც ერთი მოიგო და ერთში დამარცხდა. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, „დილა“ 19 ქულით მეშვიდეა, „შუქურა“ კი, ჩემპიონატის გამოკვეთილი აუტსაიდერია და შვიდი ქულით ბოლო, მეათე ადგილს იკავებს.
თბილისის “საბურთალო” – თბილისის “დინამო”
დასაწყისი: 17 ივნისი, 18:00 საათი
ცენტრალურ შეხვედრას თბილისის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. თბილისურ დერბიში ერთმანეთს „საბურთალო“ და „დინამო“ დაუპირისპირდებიან. კლუბების დაპირისპირებას დიდი ისტორია არ აქვს, თუმცა მათ შორის გამართული მატჩები ყოველთვის საინტერესოა. ურთიერთშეხვედრებში აბსოლიტურ უპირატესობას დინამოელები ფლობენ, გამართული 5 მატჩიდან მათ 4 მოიგეს და 1 ფრედ ითამაშეს.
ქუთაისის “ტორპედო” – ბათუმის “დინამო”
დასაწყისი: 17 ივნისი, 21:00 საათი
ტურის ბოლო შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ „რამაზ შენგელიაზე“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. ქუთაისელები შესანიშნავ ფორმაშია არიან და ზედიზედ ექვსი ტურია იგებენ. აღნიშნულ მატჩებში კახა ჩხეტიანის გუნდმა 13 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი მიიღო. ბუნებრივია კარგი ასპარეზობა სატურნირნო ცხრილზეც აისახა და „ტორპედო“ 34 ქულით მეორე ადგილზეა. რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა ბათუმელთა მხარეს. „დინამო“ არასტაბილურად ასპარეზობს, 16 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზეა. არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო გუნდში გარკვეული ცვლილებებიც მოხდა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან ხომერიკი კონსტანტინ ფროლოვმა ჩაანაცვლა. ამასთან ერთად ბათუმელები რამდენიმე ახალ ფეხბურთელსაც ელიან. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით გულშემატკივარი საინტერესო და დაძაბული შეხვედრას იხილავს.
Erovnuliliga.Ge