რაიოლა: “მილანი” დონარუმასა და მის ოჯახს ემუქრებოდა”
“მილანის” მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტი, მინო რაიოლა Sky Sport Italia-ს მისი კლიენტის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ესაუბრა.
რაიოლამ “მილანის” ხელმძღვანელები დაადანაშაულა და თქვა, რომ დონარუმას კლუბის დატოვება არ სურდა.
“ძალიან მტრული გარემო შეიქმნა. ჩვენ ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის მიღებაც არ გვსურდა. დონარუმას ოჯახი შეშინებული იყო, რადგან ფეხბურთელს უთამაშებლობითა და განადგურებით ემუქრებოდნენ. ამ გზით მის შენარჩუნებას ვერ მოახერხებ. ახლა ძალიან რეალური რისკია იმისა, რომ დონარუმას ერთი წელი გაუცდეს. ცხადია, ის ძალიან მაღალი დონის მეკარეა, თუმცა მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.
ჩვენ ხელფასზე ან გამოსასყიდ თანხაზე არც კი გვისაუბრია, რადგან აქამდე არ მივსულვართ. ამაზე მაშინ საუბრობენ, როცა მოლაპარაკებების 95 პროცენტი უკვე გალეულია. დონარუმა ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მზად იყო, თუმცა მათ გვაიძულეს, რომ მოლაპარაკებები მალე დაწყებულიყო, რადგან იცოდნენ, რომ მისი შეძენა ბევრ კლუბს სურდა.
“მილანმა” დონარუმა დაკარგა. მან მითხრა: “მინო, ვფიქრობ, მოლაპარაკებების გამართვა სწორი არ იქნება, რადგან ისინი მე და ჩემს ოჯახს გვემუქრებიან”. “როსონერის” ხელმძღვანელობის სურვილი იყო, რომ 13 ივნისს მათთის პასუხი გვეთქვა, ჩვენ კი ვუპასუხეთ”, – ამბობს რაიოლა.
შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე, იტალიისა და დანიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, იტალიელთა ქომაგებმა დონარუმას ყალბი დოლარები ესროლეს.