დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 19 ივნისი
იტალიურ კლუბებს მატუიდი სურთ
ბლეზ მატუიდის აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ “ინტერმა” და “იუვენტუსმა” მას თავისი კლიენტის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართეს.
“ინტერი” და “იუვენტუსი” დამიკავშირდა, თუმცა ჯერ არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – ამბობს რაიოლა.
“იუვენტუსი” და “არსენალი” ასენსიოს შეძენას შეეცდებიან
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, მარკო ასენსიომ, შესაძლოა, “იუვენტუსისა” და “არსენალის” წინადადებები განიხილოს. 21 წლის ფეხბურთელს უფრო მეტი სათამაშო დრო სურს.
მბაპემ “რეალი” აირჩია
“მარკას” ცნობით, “მონაკოს” ახალგაზრდა თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ მადრიდის “რეალში” გადასვლა გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით 18 წლის ფეხბურთელი “მონაკოს” ხელმძღვანელობას უკვე ესაუბრა.
პეპემ რონალდუს “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა ურჩია
El Transistor-ის მადრიდის “რეალის” აწ უკვე ყოფილმა მცველმა, პეპემ კრიშტიანო რონალდუს “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა ურჩია.
შეგახსენებთ, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ პეპეც “პარისენ-ჟერმენში” ვიხილოთ.
დიეგო კოსტა შესაძლოა, “ატლეტიკოში” დაბრუნდეს
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი დიეგო კოსტა შესაძლოა, მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნდეს.”ასის” ცნობით, ესპანური კლუბი “ჩელსის” 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს სთავაზობს.
თავად დიეგო კოსტას “ატლეტიკოში” დაბრუნდება არ სურს, თუმცა ფეხბურთელს ინგლისური გუნდის თავკაცს ანტონიო კონტესთან კონფლიქტი აქვს. იტალიელმა მწვრთნელმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით ამცნო ფეხბურთელს, რომ ის გუნდისთვის საჭირო აღარ არის.
საქმეს ის ართულებს, რომ “ატლეტიკოს” ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება 2018 წლის იანვრამდე არ აქვს, დიეგო კოსტა კი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ნახევარი წლით სათამაშო პრაქტიკის გარეშე ვერ დარჩება.