ოჯახი დონარუმას “მილანში” დარჩენას ურჩევს
“მილანის” მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას ოჯახს სურს, რომ იტალიელმა კიპერმა კარიერა “როსონერიში” გააგრძელოს. “ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, ფეხბურთელის მამა იტალიისა და ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა შორის დღეს გასამართი მატჩის შემდეგ დონარუმას ამ საკითხზე დაელაპარაკება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჯანლუიჯი დონარუმა “მილანის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართავს. “როსონერიდან” ახალგაზრდა კიპერის აბარგების მთავარ ინიციატორად მისი აგენტი მინო რაიოლა სახელდება.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის მეკარემ “მილანთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. “მილანის” მფლობელმა იონგჰონგ ლიმ დამუქრებით ისიც კი თქვა, დონარუმას კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე არ გავყიდით და ყველა მატჩს ტრიბუნიდან ვაყურებინებთო. მოგვიანებით იტალიელმა კიპერმა განაცხადა, რომ “მილანის” დატოვების სურვილი არ აქვს.