ჩილელებმა პორტუგალიელებს პენალტის სერიაში აჯობეს
2017 წლის კონფედერაციათა თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა პორტუგალიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გაიმართა. მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო და შეხვედრის დებიუტშივე მიეცა ორივე გუნდს გოლის გატანის შანსი, თუმცა ორივე მომენტში მეკარეებმა იმარჯვეს. ტაიმი დიდწილად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და უგოლოდ მიიწურა. გუნდებმა გოლის გატანა ვერც შეხვედრის მეორე ნახევარში მოახერხეს, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა. გამარჯვებულის ვინაობა ვერც ამ დროში გაირკვა და საქმე პენალტის სერიამდე მივიდა. თერთმეტმეტრიანები ჩილელებმა უკეთ შეასრულეს და კონფედერაციათა თასის ფინალურ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვეს.
ტურნირის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს გერმანიისა და მექსიკის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი დღეს, 29 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.