დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 29 ივნისი
საული “ატლეტიკოს” დატოვებას გამორიცხავს
მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი, საულ ნიგესი პრესაში გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის “ატლეტიკოს” დატოვებას არ აპირებს.
“ბარსელონას” ჩემი გადაბირება სურს? “ატლეტიკოს” დატოვებას არ ვაპირებ. ამ კლუბში ნდობა გამომიცხადეს და მე მადლობის გადახდა მსურს”, – უთხრა საულმა AS-ს.
კურტუა “რეალში”?
ლონდონის “ჩელსის” მეკარის, ტიბო კურტუას აგენტი აცხადებს, რომ მან მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებთან თავის კლიენტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.
“ტიბოს მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენს. მადრიდის “რეალის” დირექტორს შევხვდი, ჩემი მოვალეობა კი ისაა, რომ კლიენტს ყველა ინფორმაცია მივაწოდო”, – ამბობს კრისტოფ ჰენროტეი.
“მილანი” ჩალჰანოღლუს შეძენასთან ძალიან ახლოსაა
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, ჰაკან ჩალჰანოღლუ სულ მალე “მილანის” ფეხბურთელი გახდეს. “როსონერი” “ლევერკუზენს” ფეხბურთელში 20 მილიონ ევროს თავაზობს. ამავდროულად, გერმანულ კლუბს ბონუსების მიღებაც შეეძლება.
ოფიციალურად: ჯაბა ლიპარტია “ანჟის” ფეხბურთელია
ჯაბა ლიპარტია ოფიციალურად მახაჩყალის “ანჟის” ფეხბურთელია.
ქართველმა ნახევარმცველმა ორწლიან შრომით ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. როგორც მოგეხსენებათ, ლიპარტია ბოლოს ლუგანსკის “ზორიას” ღირსებას იცავდა.
“ლიონმა” ლაკაზეტი “არსენალში” არ გაუშვა
“ლიონის” ხელმძღვანელობამ გუნდის ფორვარდ ალექსანდრ ლაკაზეტის ლონდონის “არსენალში” გაყიდვაზე უარი თქვა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მეთოფეები” 26 წლის ფრანგი თავდამსხმელის სანაცვლოდ 44 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიდნენ.
ცნობისათვის, ალექსანდრ ლაკაზეტსა და “ლიონს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.
ფრანგმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა.