კონფედერაციათა თასის ფინალში ჩილეს მეტოქე გერმანია იქნება (ვიდეო)
სოჭში 2017 წლის კონფედერაციათა თასის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს გერმანიისა და მექსიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ევროპელებმა შეხვედრა ძალიან ადვილად მოიგეს. მატჩის მერვე წუთისთვის “ბუნდესგუნდი” უკვე ანგარიშით 2:0 იგებდა. ორივე ბურთი ლეონ გორეცკამ გაიტანა. გერმანელებმა პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით დაასრულეს. მატჩის მეორე ნახევარში ტიმო ვერნერმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და ინტრიგა საბოლოოდ მოკლა. მატჩის ბოლოს მექსიკელმა ნახევარმცველმა მარკო ფაბიანმა შორეული უძლიერესი დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც გერმანელებმა თქვეს და კომპენსირებულ დროში ამინ იუნესმა სამბურთიანი უპირატესობა აღადგინა — 4:1.
კონფედერაციათა თასის ფინალურ მატჩში გერმანიის ნაკრების მეტოქე ჩილე იქნება. ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა კვირას, 2 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. იმავე დღეს, 16:00 საათზე კი პორტუგალიისა და მექსიკის ნაკრებები ერთმანეთს ბრინჯაოს მედლებისთვის გაეჯიბრებიან.