დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 3 ივლისი
ბონუჩი “ბარსელონაში”?
Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონა” ლეონარდო ბონუჩის შეძენის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
“იუვენტუსის” მცველის მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსიც” გამოთქვამს, თუმცა თავად ფეხბურთელს კლუბიდან წასვლის შემთხვევაში “კამპ ნოუზე” დაბანაკება ურჩევნია.
“ინტერი” დი მარიასთვის 49 მილიონს ამზადებს
Tuttosport-ის ცნობით, მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები საკმაოდ ამბიციური ნაბიჯისთვის ემზადებიან და მზად არიან “პარი სენ-ჟერმენს” ანხელ დი მარიას სანაცვლდო 49 მილიონი ევრო გადაუხადონ.
სერია ა-ს გიგანტების მთავარმა სამიზნემ გასულ სეზონში 13 გოლის გატანა შეძლო ფრანგული გრანდის მაისურით და ახლა ძალიან ახლოსაა კლუბის დატოვებასთან.
ხავიერ ერნანდესი პრემიერ ლიგაში?
ESPN-ის ცნობით, “ლევერკუზენის” თავდამსხმელის, ხავიერ ერნანდესის შეძენა “ვესტ ჰემს” სურს. მექსიკელ ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელი აქვს დარჩენილი, თუმცა მას სხვა ჩემპიონატში გადაბარგება სურს.
“ლივერპული” კოუტინიოს სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვს
“ლივერპულმა” გუნდის ბრაზილიელი ლიდერის, ფილიპე კოუტინიოს გადაბირებით დაინტერესებულ მხარეებს განუცხადა, რომ ამ უკანასკნელის ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
შეგახსენებთ, რომ ფილიპეს გადაბირებასთან ყველაზე ახლოს საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე “პარი სენ-ჟერმენია”, რომელსაც 100 მილიონის გადახდა არ უნდა გაუჭირდეს.
ლაკაზეტი “არსენალში” ითამაშებს
ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით მომავალ სეზონში ალექსანდრ ლაკაზეტი ლონდონის “არსენალში” ითამაშებს.
ცნობილი გახდა, რომ ფრანგი თავდამსხმელი უკვე ჩავიდა ლონდონში. იგი, სავარაუდოდ,ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ხელშეკრულების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.