რომელუ ლუკაკუ “მანჩესტერ იუნაიტედში” მიდის
“ბიბისის” ცნობით, ლივერპულის “ევერტონმა” და “მანჩესტერ იუნაიტედმა” რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. წყაროს თანახმად, “წითელი ეშმაკები” 24 წლის ბელგიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 75 მილიონ ფუნტ სტერლინგს გაიღებენ. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარიგებაში შესაძლოა, უეინ რუნიც ჩაერთოთ, მაგრამ ეს არ დადასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ლუკაკუს აგენტი მინო რაიოლა გახლავთ, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედში” პოლ პოგბა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჰენრიხ მხითარიანი მიიყვანა.
რომელუ ლუკაკუმ ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 37 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. “ევერტონმა” ბელგიელი ფორვარდის სანაცვლოდ 2014 წელს ლონდონის “ჩელსის” 28 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაუხადა, რაც მერსისაიდული კლუბისთვის რეკორდული თანხა გახლდათ.