გიორგი კოხრეიძე: “გულშემატკივარს ვთხოვ, რომ ჩეხეთთან შეხვედრაზე მოვიდნენ”
გუშინ 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველომ შვედეთის ნაკრები მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. ანგარიშის გახსნა გიორგი კოხრეიძემ მოახერხა. მეორე გოლის ავტორი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. ერთი გოლის გაქვითვა სტუმართა მხრიდან ვიქტორ გიოკერესმა მოახერხა.
დაპირისპირების შემდეგ Fanebi.Com-თან კოხრეიძემ ისაუბრა.
“მშვენიერი თამაში გამოვიდა. ერთადერთი მიზანი გვქონდა – გამარჯვება და მას მივაღწიეთ. მინდა, ასეთი თავდადებისთვის მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს. ასევე, მადლიერი ვარ გულშემატკივრების. მათ დაგვაფასეს და გვერდში დაგვიდგნენ. ასევე, სწორედ მათ ვთხოვ, რომ მოვიდნენ და შაბათს ჩეხეთთან გასამართ შეხვედრაში გვერდში დაგვიდგნენ.”
“ჩვენი მომავალი მეტოქის მიერ ჩატარებული მატჩები განვიხილეთ და მათი თამაში შესწავლილი გვაქვს. მოედანზე გავალთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ჯგუფიდან გავიდეთ!” – განაცხადა თავდამსხმელმა.